ეჭვმიტანილის მამა ე.წ. მალაკნების ბაზართან მომხდარ ფაქტზე საუბრობს

ეჭვმიტანილის მამა ე.წ. მალაკნების ბაზართან მომხდარ ფაქტზე საუბრობს

ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზურაბ კუტიბაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მკვლელობის ადგილზე ზურაბ კუტიბაშვილის მამამ განუცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა თვითმხილველებისგან აქვს ინფორმაცია, რომ დაპირისპირება მოხდა მამრაძის ქუჩაზე სამ პირსა და მის შვილს შორის, რომელიც ადგილზე საზამთროს ყიდდა. მისი თქმით, დაპირისპირება გამოიწვია გზის სავალ ნაწილზე ჩასმულმა ბოძმა, რის გამოც ამ ადგილას გადაადგილება შეზღუდულია. დაკავებულის მამა აცხადებს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ადრეც შეზღუდული იყო, შემდეგ კი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ბოძი ამოიღეს, რის შემდეგაც აკრძალულ ტერიტორიაზე მოძრაობა ხდებოდა. 

"ეს ბოძი ჩავარჭეთ ჩვენ, რადგან აქ ამ ვიწრო ქუჩაზე საშინელებები ხდებოდა ღამის საათებში. როგორც მომიყვნენ, სამი ახალგაზრდა, რომლებიც ამავე უბანში მოშორებით ცხოვრობს, მოვიდნენ და შეიგინეს – ვინც ეს ბოძი ჩაარჭოო. ამაზე ჩემი შვილი შეეპასუხა. ისინი სიტყვიერად შელაპარაკდნენ. ეს სამი ბიჭი წავიდა და ცოტა ხანში ხელკეტებითა და დანებით მოუვარდნენ, რა დროსაც ჩხუბი მომხდარა. არ ვიცი ჩემმა შვილმა რა გამოიყენა, მაგრამ საზამთროსთვის დანა გვქონდა. ახლა მანქანა დაკეტილია და არ ვიცი მოხდა თუ არა ამ დანის გამოყენება ჩემი შვილის მხრიდან", - განაცხადა ზურაბ კუტიბაშვილის მამამ. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ზურაბ კუტიბაშვილთან დაპირისპირებული სამი მამაკაციდან ერთ-ერთი, რომელიც დაჭრილი იყო, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს და გადაკეტილ რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია.