პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების შესახებ დოკუმენტებს ავრცელებს

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების შესახებ დოკუმენტებს ავრცელებს

მთავარი პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს. 

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პროცედურებზე 399 495 ლარი. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია, გაასაჯაროოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთი ეპიზოდი. გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. ბოტოქსისა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.

რაც შეეხება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების არასანდოობასთან დაკავშირებით, უწყების განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომლებიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. 

"აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს. ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს დამატებით გავნვამრტოთ, რომ სდსს-ის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით", - განმარტავენ მთავარ პროკურატურაში. 
მთავარი პროკურატურის განცხადებას ერთვის ხარჯების ამსახველი დოკუმენტებიც. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც.