ახმედ ზაკაევი – პუტინის ქმედებებმა საქართველოსა და უკრაინაში საფუძველი დაუდო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას

ახმედ ზაკაევი – პუტინის ქმედებებმა საქართველოსა და უკრაინაში საფუძველი დაუდო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებებმა 2008 წელს საქართველოში და რაც დღეს უკრაინაში ხდება, დასაბამი დაუდო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს. ამის შესახებ "გლავკომს" დევნილობაში მყოფმა იჩქერიის მთავრობის მეთაურმა ახმედ ზაკაევმა განუცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მაინც მადლობელი ვარ, რომ ეს ადამიანი რუსეთის პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა. სწორედ მისმა ქმედებებმა 2008 წელს საქართველოში და მიმდინარე მოვლენებმა უკრაინაში საფუძველი დაუდო ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას", – განაცხადა ზაკაევმა.

მისი თქმით, არსებობდა რუსეთის დარწმუნების მცდელობა, ეცნო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და დაემყარებინა დიპლომატიური ურთიერთობა, რაც გაცილებით მომგებიანი იქნებოდა რუსეთისთვის, ვიდრე ომი. 

"ჩვენი გეგმა ეფუძნებოდა 1997 წლის 12 მაისის შეთანხმებას, რომელსაც ხელი ასლან მასხადოვმა და ბორის ელცინმა მოაწერეს. ამ ნაბიჯის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარება, როდესაც ხალხს მიეცემოდა უფლება, განესაზღვრა თავისი მომავალი. თუმცა, ჩვენი შეთავაზება უარყოფილი იქნა" – განაცხადა ზაკაევმა.