Freedom House:  ინტერნეტის თავისუფლების მხრივ, საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House: ინტერნეტის თავისუფლების მხრივ, საქართველო რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა

უფლებამდაცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში "თავისუფლება ქსელში" საქართველო თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. 

Freedom House-ის წლევანდელ ანგარიშში საქართველომ 26-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით 4 პოზიციით დაწინაურდა.

ანგარიში მოიცავს 2012 წლის მაისიდან 2013 წლის პერიოდს. როგორც Freedom House აღნიშნავს, შარშანდელთან შედარებით საქართველოში მცირედით შემცირდა ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვები, რაც 8 ქულით შეფასდა (9). ასევე შემცირდა შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვები – 7 (10). რაც შეეხება ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების დარღვევებს, ამ მხრივ, ცვლილება არ ყოფილა და კვლავ 11 ქულით არის შეფასებული.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ, საქართველო ყველაზე თავისუფალი ქვეყანა გახდა რეგიონში და უკან ჩამოიტოვა უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი და უზბეკეთი.

Freedom House-ის ანგარიშში "თავისუფლება ქსელში 2013" პირველ ხუთეულში ისლანდია, ესტონეთი, გერმანია, აშშ და ავსტრალია მოხვდნენ.

ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ჩინეთი, კუბა და ირანი არიან.