"ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დევნილების დაშინება-დაშანტაჟებას ეწევიან"

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა მამუკა აჩბამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქართული ოცნებისა" და ნაციონალური მოძრაობის~ კოორდინატორები პირად საუბრებში დევნილებზე ზემოქმედების მიზნით ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოსდა თუ კი ისინი მათთვის სასურველ კანდიდატს ხმას არ მისცემენ, ამ შემთხვევაში არ დაუკანონდებათ საცხოვრებელი ფართები, დაიწყება მათი გამოსახლება და 22-ლარიანი ყოველთვიური დახმარება შეუწყდებათ. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში რაიონულ გამგეობებში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტების ამხანაგობების თავმჯდომარეებს იბარებენ, ავალებენ სიების მიტანას და სხვადასხვა მოტივით ერთ ოჯახზე ასი ლარის ოდენობის თანხას ურიცხავენ. ყოველივე ეს ხდება "შეხმატკბილებული" კოჰაბიტაციის პირობებში ანუ იმ რაიონების გამგეობებში, რომელსაც "ქართული ოცნება" აკონტროლებს და იქ, სადაც ~ნაციონალური მოძრაობის~ მმართველობაა, თანხა ”ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს ერიცხებათ. მინდა, ვთქვა, რომ აღნიშნული მდგომარეობა ძალიან ჰგავს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე არესებულ რეალობას და ფაქტიურად, არც კი განსხვავდება იმდროინდელი ზეწოლისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ცნობილი მეთოდებისაგან", – განაცხადა აჩბამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას "დემოკრატიული მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საეთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწვდის.

ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე არის გარანტი იმისა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დევნილთა უფლებები აღარასდროს დაირღვევა.

"დემოკრატიული მოძრაობა~ და ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე არის გარანტი იმისა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები აღარასოდეს დაირღვევა. ვერავინ გაბედავს მათ ძალით გამოსახლებას, გადასახლებას და რაც ყველაზე მთავარია, ბურჯანაძის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩნდება რეალური შანსი იმისა, რომ ქართულ აფხაზური და ქართულ ოსური ურთიერთობები აღდგეს", - განაცხადა აჩბამ.