კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი პარლამენტს მიმართავს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული პროექტის განხილვის შეჩერებას სთხოვს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კუბლაშვილმა განაცხადა, პარლამენტმა მიმდინარე კვირაში პირველი მოსმენით მიიღო და განიხილა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში  "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებებს უკავშირდება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ასევე უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებულ წინასწარ ე.წ. სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება. 

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ამ პროექტის ძალიან სწრაფად მიღება მეორე და მესამე მოსმენით. 

კუბლაშვილის განცხადებით, ამ ყველაფრის ფორმალური მიზეზი ის არის, რომ 17 ნოემბერს, ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი ნორმები და ის ნორმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესს ადგენს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ნამდვილად არ არის სწორი და არ იქნება მართებული და მიზანშეწონილი, რომ ასე სწრაფად და თუნდაც კონსტიტუციით მოთხოვნილ უმცირეს ვადებში განვიხილოთ და მივიღოთ ეს პროექტი. რადგან ამისთვის ჩვენ ნამდვილად არ გვქონია დრო დეტალურად განგვეხილა ეს საკითხი, ვიმსჯელეთ მხოლოდ პრინციპებზე და არა იმ კონკრეტულ ნორმებზე, რომელიც კანონშია მითითებული", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

აქედან გამომდინარე, კუბლაშვილი მიმართავს პარლამენტს და სთავაზობს პროექტის განხილვის დროებით შეჩერებას, ამავდროულად, სასამართლო ხელისუფლება აცნობებს ყველას და პარლამენტსაც წარუდგენს ინფორმაციას, რომ სულ მცირე აპრილამდე სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეების დანიშვნა აღარ მოხდება.

"ეს აგვაცილებს იმ პრობლემას, რომელიც ეხება კონსტიტუციის ნორმის ამოქმედებას და შემდედგ მოსამართლეების დანიშვნის გაურკვევლობას, ეს გამორიცხული იქნება და იმავდროულად, უფრო ზუსტად მინდა ავუხსნა ყველას, რომ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, 15 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს სასამართლო სისტემაში ობიექტურად ვერც ერთი ახალი მოსამართლე ვეღარ დაინიშნება, რადგან 15 ოქტომბერს, საქართველოოს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის იმ კანდიდატებს, რომლებიც ახლა დაინიშნებიან მოქმედი ძველი წესით, ათი წლის ვადით. ამის შემდგე უკვე აღარც რესურსი არსებობს ადამიანური და აღარც საჭიროება იმისა, რომ ძალიან სწრაფად კიდევ ახალი მოსამართლეები შეემატონ სისტემას", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, შესაძლებელია აპრილამდე ეს პროცესი ობიექტურად გაჩერდეს, არც კანონი და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით აღარ იყოს დაწყებული პროცესები კანდიდატების დასანიშნად. ამავდროულად, ეს 5 თვე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა წარიმართოს დეტალურად და განისაზღვროს რამდენად სწორია სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება.

"ჩვენ საბოლოოდ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რას მოუტანს ასეთი ცვლილება ქვეყანას და სასამართლოს ", - დასძინა მან.