"არ მაქვს საფუძველი, შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ეჭვი შევიტანო"

ამის შესახებ "პირWელს" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ შსს-ს მიერ ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეო-რგოლებთან დაკავშირებული საქმის გახსნის კომენტირებისას განუცხადა. 

"რამდენიმე ხნით ადრე ვიცოდი, რომ ასეთი ტიპის კვალზე იდგა შსს და ამ საქმეში ჩართულები იყვნენ ამერიკული სპეცსამსახურები. მართალია, ნიუანსები დღემდე არ ვიცოდი, მაგრამ შევეცადე, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მომეკითხა, რამდენად რეალურია ასეთი ღონისძიების ჩატარება. ვინც ამ ტექნიკურ საქმეში ერკვევა, მითხრეს, რომ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუ არის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. ამის მაგალითებიც მომიყვანეს მსოფლიო პრაქტიკიდან. აქედან გამომდინარე, მე არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს ვიდეოები შესაძლებელია, ატვირთული ყოფილიყო აფხაზეთის ტერიტორიიდან, იმიტომ, რომ მე ვიცი აფხაზეთში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციის ხელწერა და აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდებოდა. ეს ყველაფერი მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ეჭვს ვერ შევიტან შსს-ს განცხადებაში, მით უმეტეს, ამ საქმეზე ამერიკული სპეცსამსახურებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ", - განაცხადა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვიდეოების გავრცელებას რამდენიმე მიზანი შეიძლება, ჰქონოდა.

"ერთ-ერთი მიზანი შეიძლება, ყოფილიყო საზოგადოების დაშინება, გათვლა საზოგადოების ზეწოლაზე, ეიძულებინა ხელისუფლებისთვის ვთქვათ, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე; მეორე არის ზონდაჟი სპეცსამსახურების მომზადებისა, საზოგადოების მზაობისა. ეს რომ გასვლოდათ, მერე შეიძლება, სხვა რამე გაეკეთებინათ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ ორი და ისიც არაპროფესიონალურად გაკეთებული ვიდეო-რგოლის გავრცელება მას თავიდანვე აფიქრებინებდა, რომ ეს ამ საქმეზე ორიენტირებული ორგანიზებული ჯგუფის ნახელავი არ იყო.

"ამ რგოლების გაშვების ფრაგმენტულობა მაფიქრებინებდა, რომ ისინი მაღალი დონის სპეციალისტების მიერ არ იყო შექმნილი. ვგულისხმობ შემოქმედებით და არა ტექნიკურ მხარეს",- აღნიშნა მან.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-ს ვერსია არადამაჯერებელია, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი პოლიტიკური თამაში ფორმატში გადაიყვანა.

"მე შემიძლია, მოგიყვანოთ პრეზიდენტის და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თავის დროზე გაკეთებული განცხადებები, რომელშიც ეჭვი შეჰქონდა საზოგადოებას. ეს საკომენტაროც არ არის", - განაცხადა არეშიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეო ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა შექმნა, რომელიც სოხუმში მუშაობს.

ჩოკუტაევმა დანაშაული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩაიდინა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.