"თუ საქმე გარკვეული ნიშნით პოლიტიკურ შემადგენელს შეიცავს, მისი გავრცელება შეიძლება, გარკვეული დროით შეფერხდეს"

ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გამოძიების შესახებ შს სამინისტროს მიერ დღეს საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

"საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა. უნდა ითქვას, რომ ესა თუ ის გამოძიება, რომელიც დასრულდება, საზოგადოებას შესაბამისად, გონივრულ ვადაში უნდა ეუწყოს და ეს დამოკიდებულია ამა თუ იმ საქმეზე. თუ საქმე გარკვეული ნიშნით პოლიტიკურ შემადგენელსაც შეიცავს, მაშინ მისი გავრცელება შეიძლება, გარკვეული დროის თვალსაზრისით შეფერხდეს, ვიდრე არ დადგინდება ან დაზუსტდება რაღაც პარამეტრები. ასე რომ, გონივრულობა ინფორმაციის გავრცელებისა ამ პირობითაა გამოწვეული. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გავრცელება გონივრულ ვადაში მოხდა", - განაცხადა კბილაშვბილმა.

კითხვაზე, ხომ არ მოხდა ამის დაჩქარება თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც მან ამ საქმის გამოუძიებლობის გამო მწუხარება გამოთქვა, მთავარი პროკურორის განცხადებით, იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ალასანიას განცხადება დამაჩქარებელი ფაქტორი იყო.

"ის დოზა ინფორმაციის, რაც მოგეწოდათ, ეს არის საჯაროდ განკუთვნილი ინფორმაცია. ყველა დანარჩენი ამ საქმის თავისებურების გამო საქმეში რჩება და კვლავინდებურად, თუ კი დამატებით რაიმე სიახლე იქნება, შსს საზოგადოებას მიაწვდის", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურა ამ საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს.

"ჩვენს უწყებას გააჩნია ერთი კონკრეტული ნიშა, ესაა საპროკურორო ზედამხედველობა. გამოძიებას სამინისტრო ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად ახორციელებს ყველა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას, გეგმავს საგამოძიებო მოქმედებებს და ბუნებრივია, ჩვენი უწყება ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებაზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს. უმეტესი ხვედრითი წილი ამ გამოძიებაში შსს-ს ეკუთვნის, სწორედ ამიტომ აუწყა მან საზოგადოებას მომხდარის შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა.