საქართველოს მობილური ოპერატორების ინფორმაციით, ოკუპირებეულ ტერიტორიებზე გადამცემები არ გააჩნიათ

საქართველოს მობილური ოპერატორების ინფორმაციით, ოკუპირებეულ ტერიტორიებზე გადამცემები არ გააჩნიათ

რამდენად შესაძლებელია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მობილური ქსელების გამოყენება, ამის გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" "მაგთიკომს", "ბილაინს" და "ჯეოსელს" დაუკავშირდა. 

კომპანიებში კითხვას პირდაპირ პასუხს არ სცემენ, თუმცა განმარტავენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადამცემები არ გააჩნიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ბაღდავაძემ განაცხადა, აფხაზეთის ტერიტორიაზე "ბილაინით" სარგებლობა შეუძლებელია. 

"მაგთიკომში" კი განმარტავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ.

რაც შეეხება "ჯეოსელს", კომპანიაში არ გამორიცხავენ, ქსელით სარგებლობა აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე შესაძლებელი იყოს, თუმცა კომპანიას იქ გადამცემი არ გააჩნია.

"ჯეოსელის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რუკაზე კი მითითებულია, რომ სიგნალის მიღება შესაძლებელია გალსა და ოჩამჩირეში.

ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნესის წარმოების ამკრძალავი ნორმის გათვალისწინებით, საქართველოს მობილური ოპერატორების ინტერნეტ-მოდემების შეძენა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

შსს-ს ინფორმაციით, ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულმა ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა ქართული GSM ოპერატორების ("მაგთიკომი", "ჯეოსელი", "მობიტელი") USB ინტერნეტ-მოდემები გამოიყენა. სამინისტროში განმარტავენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.