გამოძიების წარმატებით წარმართვამ დაამტკიცა, რომ შსს-ს რთული საქმეების გახსნა შეუძლია

გამოძიების წარმატებით წარმართვამ დაამტკიცა, რომ შსს-ს რთული საქმეების გახსნა შეუძლია

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და შემდგომი ეტაპი იქნება იმის დადგება, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და რა ზრახვები ჰქონდა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პირადად არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საქმე იყო ორგანიზებული, თუმცა იქვე განმარტავს, რომ "გამოძიება ითხოვს კონკრეტული ფაქტების დადგენას, დასკვნის გაკეთებას და არა - ვარაუდებს".

"გამოძიებას გარკვეულ ეტაპზე წარმატება მიღწეული აქვს. მთელ რიგ შეკითხვას გაეცა პასუხი, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ეს პირი არ იქნება დაკავებული და არ დადგინდება, ვინ იდგა ამ ბოროტი ზრახვის უკან, ვინ იყო შემკვეთი. ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, პასუხი ჯერ არ არის გაცემული. ჩვენ ვხვდებით, რომ გონივრულ, ბოროტ განზრახვასთან გვქონდა საქმე, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა საქართველოს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ტერორის განსახორციელებლად. პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ორგანიზებული, მაგრამ ეს რომ დადგინდეს, უნდა გატარდეს შემდგომი ღონისძიებები – შემდგომი ეტაპი იქნება იმის დადგება, თუ ვინ იდგა ამის უკან და რა ზრახვები ჰქონდა. ჩვენ შეიძლება ვარაუდები გამოვთქვათ, მაგრამ გამოძიება ითხოვს არა ვარაუდებს, არამედ კონკრეტულ ფაქტებს და დასკვნებს", - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, აღნიშნული საქმე იყო ერთ-ერთი ურთულესი და გამოძიების წარმატებით წარმართვამ დაამტკიცა, რომ საქართველოს შსს-ს რთული საქმეების გახსნა შეუძლია.
"მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი საქმე საქართველოს ისტორიაში. მის გამოძიებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისმა ორგანოებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარ_ჩვევები და მოახერხეს ამ საქმის გახსნას. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ ჭეშმარიტება დადგინდა, დავამტკიცეთ რომ შეგვიძლია ასეთი რთული საქმეების გახნა", - აღნიშნა დეპუტატმა.

ირაკლი სესიაშვილის აზრით, აღნიშნულ ვიდეოს გავრცელებას "ძალიან ბოროტი ზრახვები ჰქონდა".

"ამ ვიდეოთი ხორციელდებოდა ფსიქოლოგიურ ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე, რომ გვეფიქრა, რამდენად სწორია ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, რამდენად სწორია ევროატლანტიკური მისწრაფებები. ამ საქმის გახსნით პრევენციულად დავარტყით ძალებს, რომლებიც მომავალშიც შეიძლება ფიქრობდნენ მსგავსი თავდასხმების განხორციელებას, ჩვენი მოსახლეობის დატერორებას. მეტსაც გეტყვით, ჩვენ არა მარტო ამ საქმიდან გამომდინარე, არამედ კიბერუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს გავაძლიერებთ და განვავითარებთ. მთელ რიგ უწყებაში მოხდება უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და გაძლიერება", - განაცხადა დეპუტატმა.

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.