ხათუნა მშვიდობაძე:  დასკვნა, რომელიც შს სამინისტრომ წარმოადგინა, ძალიან ზოგადია

ხათუნა მშვიდობაძე: დასკვნა, რომელიც შს სამინისტრომ წარმოადგინა, ძალიან ზოგადია

კიბერკრიმინალები თავის იდენტობას მალავენ და ნაკლებად არიან "ფეისბუქზე" თუ სხვა სოციალურ ქსელებში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტმა , ხათუნა მშვიდობაძემ განუცხადა. მისი თქმით, მსგავსი კრიმინალები ძირითადად საიდუმლო ფორუმებზე აქტიურობენ. 

"პიროვნებაზეა დამოკიდებული, რამდენად ასაჯაროებს ვინაობას. ზოგადად, მსგავსი კრიმინალები თავის იდენტობას მალავენ და ნაკლებად არიან ღია სოციალურ ქსელებში. ძირითადად დაფარულ, საიდუმლო ფორუმებზე აქტიურობენ და არა ისეთ სოციალურ ქსელებში, როგორიც არის "ფეისბუკი" და ა.შ.", - აღნიშნა მშვიდობაძემ შსს-ს მიერ ჯიჰადის სახელით ვიდეოების გავრცელების საქმის გახსნის კომენტირებისას.

მისივე თქმით, დასკვნა, რომელიც შს სამინისტრომ წარმოადგინა, ძალიან ზოგადია, თუმცა ერთი კითხვა მაინც ჩნდება.

როგორც მშვიდობაძემ განმარტა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში იყო მოსაზრება, რომ ვიდეოს დამზადებაში ტელეკომპანია "პიკ"-ის საარქივო კადრები იყო გამოყენებული, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვიდეო მთლიანად ღია ინტერნეტ სივრციდან აღებული მასალით იყო შედგენილი.

"შს სამინისტრო აცხადებს, რომ მასალა, რომელიც გამოყენებული იყო ამ ვიდეოს შესაქმნელად, დაყრდნობილი იყო ღია წყაროებზე. მე რამდენადაც მახსოვს, როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, მაშინ იყო რამდენიმე მოსაზრება, თითქოსდა შავი მასალა იყო გამოყენებული "პიკ"-ის საარქივო მასალიდან. თუ ეს შავი მასალა იყო გამოყენებული, მაშინ ერთგვარად ჩნდება კითხვა, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით როგორ იყო მხოლოდ ვიდეო შედგენილი", - აღნიშნა მშვიდობაძემ.

მისივე თქმით, ასეთ საქმეზე გამოძიება მარტივდება, თუ საგამოძიებო უწყებებს მაღალტექნოლოგიური საგამოძიებო საშუალებები აქვს.

"ჩვენ რამდენადაც ვიცით, ჩვენ სამართალდამცველებს ეხმარებოდა FBI. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ეს საქმე გამოძიებულიყო და იდენტიფიცირებული ყოფილიყო ის პირი, რომელმაც ვიდეო ატვირთა. გააჩნია, რა დონის ტექნიკური შენიღბვითი მექანიზმები ჰქონდა გამოყენებული ამ პირს და ვნახეთ, რომ ეს მექანიზმები მას გამოყენებული ჰქონია. თუკი გაქვს მაღალი ტექნიკური უნარი და ძალიან მაღალ დონეზე ასრულებ უკუსვლითი ინჟინერიის მეთოდს, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია, მიხვიდე პირდაპირ იმ პირის IP მისამართამდე და პირის იდენტიფიცირება მოხდეს", - განაცხადა მშვიდობაძემ.

მისივე თქმით, ის მეთოდები, რა მეთოდებიც შსს-ს ინფორმაციით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა, კიბერკრიმინალებში აპრობირებულია.

"მეთოდებს, რომელზეც შს სამინისტრო საუბრობს, ჩვეულებრივად იყენებენ ხოლმე. ძალიან ბევრია შენიღბვის საშუალება, რომელიც შეიძლება გამოიყენოს პირმა. ჩვეულებრივად აპრობირებული მეთოდია და კიბერკრიმინალები ძალიან ხშირად იყენებენ", - აღნიშნა მშვიდობაძემ.

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

ამასთან, სამარ ჩოკუტაევი, სოციალურ ქსელში "ვკონტაქტე" და "ფეისბუქში" იძებნება. ჩოკუტაევს პროფილზე სამუშაო ადგილად მითითებული აქვს კომპანია "აქუაფონი" , რომელიც აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაა.

დაბადების თარიღად მითითებულია 1989 წლის 6 მარტი, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს ემთხვევა.

ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს და მას სოციალურ ქსელში სამსახურში ადგილზე გადაღებული ფოტოებიც აქვს გავრცელებული.