გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის

გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის "გამგებლები" დე ფაქტო პროკურატურაში დაკითხეს

ამის მიზეზი ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის საკითხია. ამ თემაზე საქმის აღძვრის მოთხოვნით სოხუმის "პროკურატურას" აფხაზურმა ოპოზიციამ მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის "დევნილები მშვიდობისათვის" ლიდერი ნონა უბილავა ავრცელებს.

გალის დე ფაქტო გამგებელი ბესლან არშბა, ტყვარჩელის "გამგებელი" თემურ გოგუა და ოჩამჩირის "გამგებელი" მურმან ჯობავა უბილავას ინფორმაციით, უკვე დაიკითხნენ და მათ დე ფაქტო პროკურატურა "პასპორტების" უკანონო გაცემაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, დე ფაქტო მთავრობა გაცემული "პასპორტების" უკან ამოღებას იწყებს, რაც ხელს შეუშლის აფხაზეთში მცხოვრები ქართველების გადაადგილებას.

დე ფაქტო მთავრობამ გასული წლების განმავლობაში ე.წ. აფხაზური პასპორტი 27 000 ეთნიკურ ქართველზე გასცა.