დვანის მოსახლეობას სოციალური დახმარება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით შეუწყდა

დვანის მოსახლეობას სოციალური დახმარება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით შეუწყდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი მიიჩნევს, რომ დვანის მოსახლეობას სოციალური დახმარება ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილების შემდეგ შეუწყდათ. 

როგორც ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ იგი დვანში იმყოფებოდა, რათა გაცნობოდა სიტუაციას და დახმარებოდა იმ სამ ოჯახს, რომლებიც გამოასახლეს.

"ადმინისტრაციის სახელით მათთვის სურსათ-სანოვაგე ჩავიტანე და სრულიად შემთხვევით თავზე წამოვადექი ამ მთავრობის უსაქმურ მინისტრს, რომელიც რაღაც სპექტაკლს დგამდა. მივედი, რომ პასუხი მომეთხოვა კითხვაზე- რატომ შეუწყდა ამ სოფლის მოსახლეობას სოციალური შემწეობები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს ყოველგვარი ქულების დაანგარიშების მიუხედავად, ეწ. საზღვრისპირა სოფელს, მოსახლეობას ეძლეოდა, მინისტრმა იკადრა უკვე ტრადიციად ქცეული სიცრუე და გამოაცხადა, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს იყო რაღაც თარიღი დათქმული, რომლის შემდეგაც შემწეობა არ უნდა მისცემოდა დვანის მოსახლეობას. მინდა გაჩვენოთ ის დოკუმენტი, რომელესაც ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს და რომლის გამოცემის შემდეგაც, დვანის მოსახლეობას სოციალური დახმარება შეუწყდა", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

მისივე განცხადებით, ამ მთავრობას დასჩემდა ურცხვი და უკადრისი ტყუილები.

"ამ კვირაში უკვე მესამე ტყუილია, მარტო ლაზიკა რად ღირს. ასევე დღევანდელი ბრიფინგი შს სამინისტროში რამდენად დამაჯერებელია არ ვიცი, მძიმე რეალობაში ვართ. მოვიდა მთავრობა, რომელიც ტყუილებით ცხოვრობს და ასე აგრძელებს ცხოვრებას. ქვის ხანაში არ ვართ, არსებობს ინტერნეტი და სხვა საშუალებები, სადაც შეიძლება ინფორმაციის მოპოვებაც და ეს დადგენილებაც სწორედ აქ არის გამოქვეყნებული. რომ მოდიხარ და თავხედურ ტყუილებს მეუბნები, რა გგონია? მე იქვე კი ვთქვი, რომ ეს სიცრუეა და სად აპირებენ ამ ტყუილის გაყიდვას?", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

გუშინ სოფელ დვანში ანდრო ბარნოვმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იკამათეს. ბარნოვმა ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. თუმცა, სერგეენკო აცხადებს, რომ აღნიშნული დადგენილება ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას იყო მიღებული, რომ 2013 წლის ზაფხულიდან ეს დახმარებები უნდა შეწყვეტილიყო. სერგეენკოს განცხადებით, ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს ამ პროცესის დარეგულირებას და იმას, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუნარჩუნდეს.