ვერ გავიგე, რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების უმაღლეს პირებს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით

ვერ გავიგე, რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების უმაღლეს პირებს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს აგრძელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები უკვე გაიმართა ესტონეთის, შვეიცარიის, აშშ–ს, შვედეთის სამეფოს, იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ლატვიის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ევროკავშირის ელჩებთან.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დღეს საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა შეეხო საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩი ასევე დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სამართალდარღვევათა კონკრეტული ფაქტებით და ნინო ბურჯანაძის შეხედულებით არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, რომ სერიოზული მხარდაჭერა იქნება ქვეყნისთვის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან.

"თუმცა მე მაქვს პრეტენზიები ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელიც აბსოლუტურად არაქმედითი და არაეფექტურია. მე წესიერად ისიც კი ვერ გავიგე, რა პოზიცია აქვთ ხელისუფლების უმაღლეს პირებს. ისინი საუბრობენ ყველასთან და ყველაფერზე, გარდა იმისა რაც ყველაზე მტკივნეული და უმთავრესი თემაა ქვეყნისათვის", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო ბევრად თავისუფალია, კამპანია არასამართლიანად და არათანაბარ გარემოში მიმდინარეობს.

"ძირითადი კონკურენტებისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სარეკლამო დროით, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია მხოლოდ კონკურენტი პარტიების წარმომადგენლებით და ა.შ. ყველა ელჩისთვის უცნაურია, ფორმულირება, რომლის გამოც ნინო ბურჯანაძეს არ მიეცა არც დაფინანსება და არც უფასო საეთერო დრო, რადგან ევროპული პრაქტიკა, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ჩვენი ე.წ პროდასავლური პოლიტიკოსები, სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები", - აცხადებენ პარტიაში.

ნინო ბურჯანაძის თქმით, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მარეგულირებელ კომისიას უფასო საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით. იგი იმედს იტოვებს, რომ მათი მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"რაც ყველაზე ცუდია, მგონი დებატებსაც არ აპირებს სახელისუფლებო ორი კანდიდატი. სახელისუფლებოში "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" ვგულისხმობ, რადგან ყველა ვხედავთ, რომ დღეს ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა. მე იმედი მქონდა, რომ დებატები გაიმართებოდა და მოსახლეობას ექნებოდა შესაძლებლობა ობიექტური ინფორმაციის შედეგად მიეღო სწორი გადაწყვეტილება არჩევანის გაკეთებისას", –აღნიშნა ბურჯანაძემ.

დღესვე საპრეზიდენტო კანდიდატი სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდება.