ყიჟინა, მინისტრები რატომ არ ჩადიან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა

ყიჟინა, მინისტრები რატომ არ ჩადიან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა

ყიჟინა, მინისტრები რატომ არ ჩადიან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს განაცხადა. 

ზაქარეიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმყოფება, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისთვის შეიქმნა.

კომისიის მუშაობას პაატა ზაქარეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, დავით ნარმანიასთან ერთად ხელმძღვანელობს. როგორც ზაქარეიშვილმა კომისიის სხდომამდე განაცხადა, რეინტეგრაციის სამინისტრო ამ კომისიის ერთ-ერთი კოორდინატორი იქნება.

"ახლა მორიგი ნაბიჯები იდგმება. პირველი ნაბიჯი 23 მაისს დაიწყო, როდესაც საოკუპაციო ზოლზე მავთულხლართების გაბმა ინტენსიურად განახლდა. 30 მაისს ჩვენმა სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად საჭიროებების ნუსხა შეადგინა. რუსები თავიანთ მოქმედებებს აგრესიულად განაგრძობენ, ისევე, როგორც ექვსპუნქტიან შეთანხმებას არ ასრულებენ. აშკარად ჩანს, რომ ის საჭიროებები, რომელიც აღწერილ სოფლებშია სხვა სოფლებზეც გავრცელდება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივმოქმედი დროებითი სამთავრობო კომისია გვჭირდება. რეინტეგრაციის სამინისტრო ერთ-ერთი კოორდინატორი იქნება. მოვიძიებთ ინფორმაციას, ერთ ანალიტიკურ სივრცეში მოვათავსებთ და სხვადასსხვა სამინისტროებს გადავუგზავნით. ყიჟინა, თითქოს მინისტრები რატომ არ ჩადიან, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სამინისტროების წარმომადგენლები ადგილზე რეგულარულად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, სამინისტროების ხელმძღვანელობაც ადგილებზე ხშირად იმყოფება. ჩემი მოადგილე და დავით ნარმანიაც იმყოფებოდნენ კონფლიქტისპირა სოფლებში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, თუ რა კეთდება ამ დროისათვის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და დასძინა რომ "ამ სოფლებში გაზიფიკაციის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი იცხოვრებს, ვიდრე ოკუპაციამდე ცხოვრობდა".