ალექსი პეტრიაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ელჩ ვიქტორია ნულანდს შეხვდა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

ალექსი პეტრიაშვილმა და ვიქტორია ნულანდმა დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გავლების გამო.

"ქალბატონმა ნულანდმა აღნიშნა, რომ შოკირებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს და ამასთან დაკავშირებით გაკეთდება ძალიან მალე შესაბამისი განცხადებები და განხორციელდება შესაბამისი ქმედებებიც", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებისა და დემოკრატიული პროცესების შესახებ.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. კერძოდ, ხაზი გაესვა ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისა და ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებების პარაფირების მნიშვნელობას.

თავის მხრივ, ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მზაობა განაგრძოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

"გვაქვს ამერიკის მთავრობის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მათი მხრიდან ყველანაირი ძალისხმევის თაობაზე, იმისათვის, რომ რეფორმები იყოს შეუქცევადი. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი, ძალიან გულწრფელი საუბარი საქართველოს უახლოეს გეგმებზე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის და იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ, რომელიც არსებობს დღეს ჩევნი ქვეყნის წინაშე", -აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.