პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნასამართლობის მოხსნის დამადასტურებელი საბუთების გაცემა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნასამართლობის მოხსნის დამადასტურებელი საბუთების გაცემა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან პირობითი მსჯავრისა და ნასამართლობის მოხსნის დამადასტურებელი საბუთების გაცემა მიმდინარეობს. 

შეწყალებულები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არიან შეკრებილი და შესაბამისი დოკუმენტის აღებას ელოდებიან. შეწყალების ფურცლების გაცემა უკვე დაწყებულია.

როგორც ყოფილი პატიმრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ისინი დილის 7 საათიდან რიგში დგანან, რათა პრეზიდენტის შეწყალება მიიღონ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს შეწყალებულმა ლელა სურგულაძემ განაცხადა, იგი მადლობას უხდის პრეზიდენტს ამ აქტის გამოცემისთვის და პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ ყოფილი პატიმარი ქალებისთვის რაიმე გააკეთოს.

"მომეხსნა პირობითი ნასამართლობა, პირობითი მსჯავრი. დილის 7 საათიდან მოვედი და რიგში ვიდექი. ავიღე საბუთი, სადაც წერია, რომ მოხსნილი მაქვს პირობითი მსჯავრი. საპატიმროში კი 3 წელი და 2 თვე გავატარე", - განაცხადა ყოფილმა პატიმარმა.

შეწყალებულ სერგო გალქსტიანის განცხადებით, პრეზიდეტმა მას ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა.

" ნასამართლევი აღარ ვარ, აღარ მაქვს წარსულის შავი ლაქა. მომავალში სამსახურის დაწყება და საზღვარგარეთ წასვლა შემიძლია", - აღნიშნა სერგო გალქსტიანმა.