საქართველოს საგარეო უწყება რასმუსენისა და ეშტონის განცხადებებს მიესალმება

საქართველოს საგარეო უწყება რასმუსენისა და ეშტონის განცხადებებს მიესალმება

საქართველოს საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის განცხადებებს მიესალმება. 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რასმუსენი და ეშტონი გმობენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლებას.

განცხადებებში ნათლად ხაზგასმულია, რომ აღნიშნული პროცესი ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სავალალოდ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ხელოვნური ბარიერების აგება. ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივანი მიმართავს რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს ევროკავშირისა და ნატო-ს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-სახელმწიფოების მკაფიო პოზიციას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო დამონტაჟების აღკვეთისა და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის მიზნით.