საპარლამენტო კომიტეტებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

საპარლამენტო კომიტეტებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის თაობაზე 58 დეპუტატის მიმართვა განიხილეს.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორებმა სხდომაზე წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები და მიუთითეს კონკრეტული საფუძველი - პოლიტიკური პარტიის წევრობა, რაც "მაუწყებლის შესახებ" კანონით განსაზღვრულია, როგორც ინტერესთა კონფლიქტი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პარლამენტი უფლებამოსილია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა.

ინიციატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ დარღვეულია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული "თანმდებობის პირის" მიმართ წაყენებული მოთხოვნა. მათი განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ეყრდნობა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" მოწოდებულ დოკუმენტაციას, სადაც აღნიშნულია, რომ კარლო კვიტაიშვილი 2003 წლის 2 ნეომბრის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" მიერ პარტიული სიით წარდგენილი იყო ბლოკში შემავალი "რესპუბლიკური პარტიიდან", 2003 წლის 30 ნოემბრიდან დანიშნული იყო ცესკოს წევრად, 2005 წლის 7 ივნისიდან შეუწყდა ცესკოს მდივნის უფლებამოსილება, 2005 წლის 6 აგვისტოდან 2013 წლის 24 აპრილამდე იგი იყო საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური გაერთიანების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენელი.
თავად კვიტაიშვილი არ დაეთანხმა სხდომაზე წარმოდგენლ არგუმენტაციას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის თაობაზე და განაცხადა, რომ მიმართვის ინიციატორების მიერ ხდება კანონის ინტერპრეტაცია.

საპარლამენტო კომიტეტებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის თაობაზე საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.