მინისტრის მოადგილეები საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდნენ

მინისტრის მოადგილეები საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდნენ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეები სოფიო ჯაფარიძე და ბესიკ დევდარიანი საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს სტეფან როპერსს შეხვდნენ.

საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობას გაეცნო. სტუმარი განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, დინამიური და სტატიკური უსაფრთხოების საკითხებით, სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა.

სტეფან როპერსმა რამდენიმე დაწესებულების მონახულების სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს რეფორმის შედეგებს.

მინისტრის მოადგილეები საფრანგეთის ატაშეს ესაუბრნენ როგორც ციხის გადატვირთულობის პრობლემის გადასაჭრელად მიღებული ზომების, ისე იმ დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რაც მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.