ეროვნული უშიშროების საბჭოს და საბჭოს მდივანს უფლებამოსილებები ეზღუდება

ეროვნული უშიშროების საბჭოს და საბჭოს მდივანს უფლებამოსილებები ეზღუდება

ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება იზღუდება. მასთან ერთად იზღუდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებებიც. 

შესაბამის კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტი დეპუტატებმა ვახტან ხმალაძემ, ირინა იმერლიშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა მოამზადეს და მისი განხილვა დაჩქარებული წესით არის დაგეგმილი.

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები შემოიფარგლება სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებით, საკუთრივ ამ სფეროსთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებით და პროგნოზირებით, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობის საკითხებით და პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხებით. მაგალითად, ისეთი ფუნქცია, როგორიცაა, წინადადებების შემუშავება მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავება, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება აღარ იქნება.

რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კომპეტენციებს, კანონპროექტის თანახმად, მისი უფლებამოსილება შემოიფარგლება სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებით, საგანგებო და საომარი მდგომარეობისას პრეზიდენტისთვის სათანადო საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადებით, თავდაცვის საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციით. ამასთან, მას აღარ ექნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციის უფლებამოსილება.

როგორც ინიციატივის ავტორები განმარტავენ, კანონში ცვლილებების შეტანა იმ ახალი კონსტიტუციური ნორმებით არის განპირიბებული, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის და რომლის თანახმად, პრეზიდენტი აღარ წარმართავს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.