საზოგადოების ცნობილი სახეები მთავარ პროკურორს ბრალდებულ გელა მიქაძის მიმართ პატიმრობის შეცვლას სთხოვენ

საზოგადოების ცნობილი სახეები მთავარ პროკურორს ბრალდებულ გელა მიქაძის მიმართ პატიმრობის შეცვლას სთხოვენ

70-მდე მოქალაქე საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ გელა მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას სთხოვენ. 

პროფესორები, აკადემოკოსები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არჩილ კბილაშვილს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მოგმართავთ თხოვნით ბრალდებულ გელა მიქაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის თაობაზე.

გელა მიქაძე 1971 წელს დაიბადა. 1993 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 2001 წელს იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2000 წლებში მოსკოვის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ინსტიტუტში მუშაობდა; 2000-2001 წლებში - სტაჟირება გაიარა იურიდიულ კომპანია Baker Botts-ში, ვაშინგტონში; იყო საერთაშორისო კომპანიების ("კოკა-კოლა", "ჯონსონი და ჯონსონი") წარმომადგენელი საქართველოში; 2006-2008 წლებში იყო სს "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2006-2012 წლებში - შპს "რაკიინ დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი; ხოლო 2006 წლიდან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა შპს "რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას" და შპს "რაკია ჯორჯიას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას". გ. მიქაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის "მეცენატთა ოლიმპიური დარბაზის" წევრია; ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. არასოდეს ყოფილა ნასამართლევი.

გ. მიქაძე 2013 წლის 09 ივნისს დააკავეს; მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით) წარედგინა. თავდაპირველად წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 01 აგვისტოს იყო დანიშნული, მაგრამ ბრალდების მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მიერ ჯერ 20 სექტემბრამდე, ხოლო შემდეგ 7 ნოემბრამდე გადაიდო.

ჩვენ გავეცანით როგორც მიქაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ისე დაცვის მხარის პოზიციას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თქვენი ყურადღება გვსურს გავამახვილოთ არა ბრალდების დასაბუთებულობაზე, რის შესახებაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის არსებითი განხილვის დროს, არამედ იმ გარემოებაზე, რომ ჩვენი ღრმა რწმენით დღეისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს მიქაძის პატიმრობაში ყოფნა. კერძოდ, მისი დაკავებიდან განვლილი სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქმეზე დაკითხული იქნენ მოწმეები, ჩატარებული იქნა ჩხრეკა, ამოღებული იქნა გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, დაყადაღებული იქნა მიქაძის უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.

2013 წლის ივლისში თქვენს მიერ საჯაროდ იქნა გაცხადებული, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, პრინციპულად იცვლება პროკურატურის მიდგომა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც შეეხება ფინანსურ დანაშაულებს; აღნიშნული განცხადების შემდეგ, არაერთ გახმაურებულ საქმეზე, სადაც ბრალდებულებს (ბიზნესმენებსა და სახელმწიფო მოხელეებს) ბრალად ედებოდათ ქონების მითვისება და გაფლანგვა, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ბრალდებულებს არ უნდა შეფარდებოდათ წინასწარი პატიმრობა და მათ განესაზღვრათ ალტერნატიული არასაპატიმრო ღონისძიებები.

ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ მიქაძეს, როგორც წარმატებულ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს. იგი გვერდში ამოდგომია მრავალ გაჭირვებულ ადამიანს. მატერიალურად დახმარებია ქართველ სპორტსმენებს; ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მეგობრებისა და ოჯახის სიყვარულით, გაკეთებული აქვს მრავალი სასიკეთო საქმე. მიქაძის განვლილი ცხოვრება საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ის ხელს არ შეუშლის გამოძიებას, არ დაიმალება, არ მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი თხოვნა და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოთ მიქაძის მიმართ შეფარდებული წინასწარი პატიმრობის შეცვლას სხვა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებით", - ნათქვამია ღია წერილში.

ღია წერილს ხელს 70-მდე მოქალაქე აწერს, მათ შორის როინ მეტრეველი, ანზორ ერქომაიშვილი, ჯანსუღ ბაგრატიონი, გურანდა გაბუნია, იაგო კაჭკაჭიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ზაზა შათირიშვილი, თათული დოლიძე, თამარ ჩიქოვანი, ნიკო ლეკიშვილი, ელისაბედ ბაგრატიონი, მაია ჯაბუა, ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე და ქეთევან ლოლაძე.