გიგი უგულავა:  ხადურმა თბილისს ჯიჰადი გამოუცხადა

გიგი უგულავა: ხადურმა თბილისს ჯიჰადი გამოუცხადა

თბილისის მერი გიგი უგულავა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს, ხადურის ჯიჰადს და მთავრობის სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს. 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო განცხადება გააკეთა.

გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის საგანგებო სხდომა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჩატარდა. თბილისის მერის თქმით, პარლამენტში გუშინ შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისის ტრანსფერის მოცულობა 50 მილიონი ლარით შემცრიდა და იგი 398 მილიონ ლარს შეადგენს. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული 70 თვითმმართველობიდან 69 თვითმმართველ ორგანოსა და მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ტრანსფერი ეზრდება, მხოლოდ თბილისის ტრანსფერი მცირდება.

უგულავა მიიჩნევს, რომ ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ ცენტრალური მთავრობა ახორციელებს, რადგანაც თბილისი არის ერთადერთი თვითმმართველი ორგანო, რომელსაც კოალიცია "ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ხდება თვითმმართველი ერთეულისათვის ტრანსფერის მოცულობის დადგენა. უგულავამ აღნიშნა, რომ არც თბილისის მოსახლეობა და არც მისი ტერიტორია არ შემცირებულა. მან კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას, რატომ მოხდა ტრანსფერის თანხების შემცირება, როდესაც თბილისის გზების სიგრძე არ შემცირებულა, ასევე არ შემცირებულა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, პირიქით, იგი გაიზარა.

მისვე თქმით, თბილისში 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია საბავშვო ბაღებში უფასო სწავლა და ასევე შენობების რეკონსტრუქცია, რითაც 8 000-ზე მეტი ბავშვი უფრო კომფორტულ გარემოში იგრძნოს თავი.

მერის განცხადებით, დარჩა მხოლოდ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც მოხდა თბილისის ტრანსფერის მოცულობის შემცირება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
"ეს არის ხადურის ჯიჰადი თბილისის მიმართ", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

უგულავამ ასევე ისაუბრა, 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. მისი თქმით, ამ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება, რადგან საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად დაფინანსების გამოყოფაზე. აქედან გამომდინარე, ყველა სამუშაოს შესრულება თბილისს დაეკისრა. ამ მიზნით, მომავალი წლის ბიუჯეტში, მერია 35-40 მილიონი ლარის დახარჯვას ვარაუდობს.

"თუ ეს სადამსჯელო ოპერაცია განხორციელდა, ცენტრალური მთავრობის მიერ, თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი გახდება", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მან პრემიერს მიმართა, თუ არ იცის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები, იგი შეისწავლოს. უგულავამ ასევე მიმართა თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს პარლამენტში და თბილისის საკრებულოს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია 2014 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით თუ რატომ ახორციელებს ამას ცენტრალური მთავრობა, რატომ მოიძულა ხადურმა თბილისი, რატომ შეცვალა ტრანსფერის დასადგენი კოეფიციენტი და დედაქალაქს თანხები მოაკლო.

უგულავას თქმით, თუ საკმარისი თანხები არ აღმოჩნდება ბიუჯეტში პროექტების შესასრულებლად, მაშინ შესაძლებელია იყოს სიტყვით, უფასო ბაღები, კვირაობით ვერ მოხდეს ქუჩებიდან ნაგვის გატანა და ასევე ტრანსპორტზე მოსახლეობას შეექმნას პრობლემები.

უგულავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის მთავრობას, გამოვიდნენ კაბინეტებიდან და ნახონ თუ რა ხდება დედაქალაქში.