მიხეილ სააკაშვილმა შეჩერებულ მშენებლობებს გადაუფრინა

მიხეილ სააკაშვილმა შეჩერებულ მშენებლობებს გადაუფრინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერტმფრენით 1 -ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერებულ მშენებლობებს გადაუფრინა. სააკაშვილმა თბილისის შემოვლითი რკინიგზის , თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მანვე დასავლეთ საქართველოში ფრენისას თეთნულდის კურორტზე და წყალტუბოს განვითარების პროექტების შეჩერებაზეც ისაუბრა. 

"ეს არის პირველი ასაფრონი ზოლი თბილისის აეროპორტის. თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლი ჩვენ დავიწყეთ შარშან ზაფხულში. პირველი სამუშაოები გაკეთდა თვენახევარში. პრემიერის მოსვლის შემდეგ კი ასაფრენი ზოლის მშენებლობა შეჩერდა პრემიერის პირადი განკარგულებით. ამჟამინდელი ასაფრენი ზოლი კი საფრთხეს შეიცავს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი სამუშაო უკვე გაკეთდა.

"გაკეთებულია ძალიან დიდი სამუშაო. გაკეთებულია რამდენიმე გრძელი ესტაკადა, ხიდები, რამდენიმე გვირაბი. ასეთი მასშტაბის სამუშაო საქართველოში "ენგურჰესის" შემდეგ არ გაუკეთებია არავის. 200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა იმისთვის, რომ თბილისის ცენტრი მთლიანად განტვირთულიყო მოძრაობისგან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დაწყებული იყო პროექტი, რომლის მიხედვითაც, წყალტუბოს გასართობი პარკის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ახალი მთავრობის პერიოდში შეჩერდა.

"დაწყებული გვქონდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ეს პარკები ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. უნდა გაკეთებულიყო ახალი აბანოები, უნდა აშენებულიყო დიდი სასტუმრო. მაგრამ მთავარი პროექტი წყალტუბოსი, რომელიც ითვალისწინებდა მთლიანად მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლას, გაჩერებულია, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო ამოღებული. დასკვნით სტადიაზე ვიმყოფებოდით გვირაბის მშენებლობის, რომელიც წყალტუბოდან შედიოდა თეთნულდზე. ზამთარში უკვე უნდა გახსნილიყო ეს კურორტი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.