მერაბ მეტრეველი:  დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საზოგადოება აღზარდოს

მერაბ მეტრეველი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საზოგადოება აღზარდოს

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საზოგადოება აღზარდოს, - ამის შესახებ "მედია პალიტრის" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური თოქშოუს წამყვანებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მერაბ მეტრეველის თქმით, ჟურნალისტების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ როდესაც ამას პრემიერ-მინისტრი აკეთებს, ეს კარგი ტონი არ არის.

"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს უნდა საზოგადოება აღზარდოს, ჯერ ექსპერტებს ჩაუტარა აღმზრდელობითი სამუშაო, ახლა ჟურნალისტებს, მერე თქვა, რომ ენჯეოებს უნდა შეხვდეს. ყველას აქვს უფლება ვიღაცეებს შეხვდეს და აკრიტიკოს, მაგრამ პრემიერი ამას თუ გააკეთებდა მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრობიდან წავა, ეს უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

მისივე თქმით, პრესცენტრის მიერ მიწოდებული მასალა კონტექსტიდან ამოგლეჯილია და შესაბამისად, ჟურნალისტების მიმართ პრემიერის კრიტიკა არაკვალიფიციური იყო.

"თუ მას უნდა რომ კონკრეტული ჟურნალისტი გამონათქვამების გამო აკრიტიკოს, მაშინ ის კი არ უნდა დაეყრდნოს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, პრესცენტრის მიერ მომზადებულ მასალებს, კეთილი უნდა ინებოს, ყველა გადაცემას უყუროს, ყველა სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხოს და ამის შემდეგ აკრიტიკოს ჟურნალისტები", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.