პარლამენტი

პარლამენტი "პოლიციის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობს

პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად "პოლიციის შესახებ" კანონპროექტს იხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული "პოლიციის შესახებ" ახალი კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში როგორც შინაარსობრივად, ასევე რედაქციულად გადამუშავდა და მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება აისახა. 

კერძოდ, სპეციალურ საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებულ მუხლს დაემატა პუნქტი, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციის თანამშრომელთა აღჭურვის ვალდებულებას - ფორმის ტანსაცმელზე განთავსებული ვიდეო-გადამღები ტექნიკის მუდმივ რეჟიმში ჩართვას ითვალისწინებს. ასევე პროექტში დაზუსტდა პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურად გამოყენების წინ განსახორციელებელი გამაფრთხილებელი გასროლის პირობები.

ასევე ცვლილებით, პოლიციის თანამშრომლების სამსახურში მიღება სპეციალური კონკურსის შედეგად მოხდება.

"პოლიციის შესახებ" კანონპროექტით რეგულირდება პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებანი, პოლიციურ და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის, პოლიციის დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და პოლიციის კონტროლის საკითხები. კანონპროექტი მრავალი მიმართულებით განსხვავადება "პოლიციის შესახებ" მოქმედი კანონისგან. რამდენიმე კონცეპტუალური სიახლეა ის, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ფუნქციები, განმარტებულია ტერმინები. კანონპროექტში ცალკე თავი აქვს დათმობილი პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს. მოქმედი კანონისგან გასხვავებით, ცალკე თავად არის ჩამოყალიბებული პოლიციური ღონისძიებები.

კანონპროექტს, პარლამენტს, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცნობს.