ჟურნალისტების ნაწილმა პრემიერის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა

ჟურნალისტების ნაწილმა პრემიერის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებისა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების ნაწილმა პრემიერის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. 

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის" წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, პრემიერთან შეხვედრა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და თავად შეხვედრის გაანალიზებას დღეს საღამოს, საკუთარ გადაცემაში ეცდება.

პრემიერის ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ფორმის შესახებ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას ეთანხმება და იზიარებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. მისივე თქმით, მაყურებელი თავად გააკეთებს დასკვნას, რისი მცდელობა ჰქონდა დღეს პრემიერს. ლაფერაშვილის განცხადებით, პრემიერის დამოკიდებულება კონკრეტულად "რუსთავი 2"-სადმი ახალი არ არის და მაყურებელმა ახალი ვერაფერი მოისმინა.

"თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პრემიერი ძალიან ყურადღებით უყურებს ყველაფერს რასაც ჩვენი ტელეკომპანია გადასცემს და აკვირდება იმას, როგორ ვმუშაობთ", - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

ამასთან, ტელეკომპანია "ტვ 3"-ის გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მისამართით მსგავს ტონალობაში ლაპარაკი სასიამოვნო არ არის, მითუმეტეს, როდესაც დამრიგებლური ტონი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ისმის.

"მე მგონი, ჩვენც მივახვედრეთ, რომ ამ ტონალობაში საუბარს ხელისუფლებისგან არ დავუშვებთ", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა კარგი იყო და თუ პრემიერს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიბაძავენ "არაჩვეულებრივი იქნება". მისივე თქმით, პრემიერთან შეხვედრა თუნდაც 4 საათის განმავლობაში საკმარისი არ არის, თუმცა მიქიაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება.