სააკაშვილის ქმედებები არ ეხმარება პოტენციური ინვესტორების შეფხიზლებას

სააკაშვილის ქმედებები არ ეხმარება პოტენციური ინვესტორების შეფხიზლებას

კოჰაბიტაცია დასრულდება, როცა მარგველაშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

კომენტარი ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ კითხვა დაუსვა, რატომ აირჩია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთ-ერთ გზავნილად კოჰაბიტაციის დასრულება.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კოჰაბიტაცია ახალი მთავრობისთვის "თავს მოხვეული ათასი სისულელიდან" ერთ-ერთი იყო, რაც ხელს უშლიდა ბევრი ცვლილების განხორციელებას და ინვესტიციების შემოსვლასაც.

"კოჰაბიტაცია დასრულდება, რაც მარგველაშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. საზოგადოება რეალობას ობიექტურად აფასებს, ამიტომ მარგველაშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. კოჰაბიტაცია ხელს ბევრ რამეში გვიშლიდა. სააკაშვილი ყველგან დადიოდა და ცდილობდა, დაეზიანებინა საკუთარი ქვეყანა. ამას აგრძელებს დღესაც. მას ვეტოს დამდებიც კი დაარქვეს. ყველა კანონპროექტზე ვეტოს ადებდა. მისი ქმედებები და გამონათქვამები არ ეხმარება პოტენციური ინვესტორების შეფხიზლებას, რადგან ის აპოკალიფსს ხატავს და ეს ინვესტორებს აფერხებს. "ნაციონალებს" მათი ცუდად ყოფნა ქვეყნის ცუდად ყოფნაზე გადააქვთ და ეს ხელს უშლის იმ ხალხს, ვინც გაიგო, რომ ახალი დემოკრატიული ხელისუფლება მოვიდა. ბიზნესმენების დიდი ნაწილი ისევ მოლოდინის რეჟიმშია და ამ არჩევნების შედეგებს ელოდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.