სახელმწიფო უწყებების ავტოპარკინგზე კონტროლია დაწესებული, თუმცა შედეგებით კმაყოფილი არ ვარ

სახელმწიფო უწყებების ავტოპარკინგზე კონტროლია დაწესებული, თუმცა შედეგებით კმაყოფილი არ ვარ

სახელმწიფო უწყებების ავტოპარკინგის თემაზე კონტროლია დაწესებული, თუმცა დღევანდელი შედეგებით კმაყოფილი არ ვარ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის კითხვას გამოეხმაურა, ზედმეტი ფუფუნება ხომ არ არის საქართველოსნაირი ქვეყნის ისეთი ავტოპარკები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შს სამინისტროს, პარლამენტს და რეგიონებში გამგებლებს ჰყავთ.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, მან "საერთაშორისო გამჭვირვალობას" სთხოვა შედარება გააკეთოს რა სახელმწიფო ავტოპარკი ჰყავს გერმანიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს.

"საქართველოში რიგით დეპუტატს, მის თანაშემწეს და ყავის მომდუღებელსაც კი ავტომანქანა ემსახურება", - აღნიშნა ჟურნალისტმა და პრემიერს ამ საკითხით დაინტერესება სთხოვა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგია, რომ მედია ამას ყურადღებას აქცევს. "ეს არის ის, რაც გვჭირდება თქვენგან და სწორედ აქცევთ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ დავსვი ეს საკითხი მთავრობაზე და კანცელარიასაც დავავალე, დღევანდელი შედეგებით არ ვარ კმაყოფილი. ჩემი აზრით, ეს სწორი მინიშნებაა და გეთანხმებით", -განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გამგეობებს, პრემიერის თქმით, იქ სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის და გამოსავალი ჯერ ვერ ნახეს. როგორც ივანიშვილი განმარტავს, მთავრობას უფლებაც არ აქვს ჩაერიოს ადგილობრივ თვითმართველობებში.

"დღეს რეგიოებში კატასტროფა ხდება. რაც იგზავნება ტრანსფერები ხელფასებზე მიდის და გამგეობებში ზოგჯერ საჭიროზე ხუთჯერ მეტი ადამიანია დასაქმებული. სამინისტროებზეც სწორად მიმანიშნეთ. შინაგან საქმეთა მინისტრიც ალბათ, დღეს ამას ისმენს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მრავალჯერ მითქვამს, გარკვეულ კონტროლსაც ვაწესებთ, მთავრობის კანცელარიის უფროსი, მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს ამ საქმეს. ჩვენ მანქანქებსაც ვარჩევთ შესატყვისს, მაქსიმლურად იაფს პერსპქტივისთვის, რომ გადავერთოთ და ყველა სამინისტრომ ეს შეიძინოს.

სამინისტროებიდან ახალი მანქანების შეძენა მოხდა ძალიან ცოტა, მე რაც ვიცი. უბრალოდ, გრძელდებოდა დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მანქანების ჩანაცვლება. რომ ყიდულობდნენ რაღაც მანქანებს, მაგალითად "აუდის", "აუდი" გარკვეულ დროში შეღავათიან ფასებში აწვდიდა და ავტომატურად ცვლიდნენ ამ მანქანებს. შეიძლება ასეთი რამდენიმე მოხდა ჩვენი მთავრობის პირობებში. ჯერჯერობით, აქ შეიძლება საყვედურიც მივიღო, რომ საკმარისი იყო ის დრო, ამდენხანს დაგვედგინა შესყიდვის პროცესები ყველა სამინისტროსთვის და მათ რიცხვში პარლამენტისთვის. ეს პროცესი გაჭიანურდა და შეიძლება ჩემს თავსაც ვუსაყვედურო", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხით მუდმივად ინტერესდება და ცდილობს, პროცესები დალაგდეს.

"დადებული ხელშეკრულებები ხშირად არ არის იოლი გასაწყვეტი. ეს გასამართლებლად ვთქვი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი", -განაცხადა ივანიშვილმა.