მერაბ მეტრეველმა პრემიერს მაჟორიტარების

მერაბ მეტრეველმა პრემიერს მაჟორიტარების "ფეოდალებად" მოხსენიება შეახსენა და დაინტერესდა, რატომ არჩევენ კადრებს უკონკურსოდ

ნუ გინდათ, ხუთ წუთში ევროპაზე კარგი საქართველო მიიღოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა დაუსვა კითხვა საჯარო სამსახურებიდან ძველი კადრების გათავისუფლებისა და ახალი კადრების უკონკურსოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.

მეტრეველმა პრემიერ-მინისტრს ამის გამო მაჟორიტარების "ფეოდალებად" მოხსენიებაც შეახსენა და დაინტერესდა, რატომ არ შეიქმნა პრეცედენტი ახალი ხელისუფლების პირობებში და რატომ ხდება კადრების შერჩევა "კონკურსების გვერდის ავლით".

პრემიერის განმარტებით, საქართველოში არსებული რეალობა არავის უნდა დაავიწყდეს.

"ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რა რეალობაში ვცხოვრობთ, როგორია დღევანდელობა და რა გვინდა ხვალისთვის. მე მართლაც გავაკეთე განცხადება ნაცნობობის შესაეხბ, რაც შემდეგ "ნაციონალებმა" აიტაცეს და ორი კვირა გახარებული უნდა იყვნენ. კონკურსებით უნდა მოხდეს ეს კადრების შევსება, მაგრამ ნაცნობობა და ნათესავების პატივისცემაც რომ ძალიან გვიყვარს ქართველებს, ესეც ფაქტია. ნუ გინდათ, ხუთ წუთში ევროპაზე კარგი საქართველო მიიღოთ. რაც 10-20 წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, იმას უცებ ნუ ითხოვთ. უნდა გაიგოთ, სად, რა და როდის უნდა გაკეთებულიყო. უეცრად 20 წლის შემდგომი საქართველოს მიღება რომ გინდათ, ასე არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის განმარტებით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც საჯარო სამსახუროდან "ათასობით ადამიანი გამოყარა", ახალმა მთავრობამ ძველი კადრები მაქსიმალურად შეინარჩუნა.

"არავითარი გადაჭარბება არ ყოფილა, ჩავჯექით ნორმებში და ამ მხრივ ევროპელებიც ვერ გვსაყვედურობენ. წინა ხელისუფლებამ ათი ათასობით ადამიანი გამოყარა ქუჩებში და სამინისტროების გადაკომპლექტება დაიწყო. ადამიანებს შევარდნაძესთან მუშაობას დანაშაულად უთვლიდნენ. ამ მხრივ ძალიან კულტურულად მოვიქეცით და სამინისტროებში კადრების უმეტესობა შენარჩუნდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა პრემიერს კითხვა პოლიციაზე საზოგადოებრივი კონტროლის დამყარების მექანიზმებზეც დაუსვა, რომელზეც კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაშია საუბარი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა "აღნიშნული კითხვის დასმის მიზეზი ვერ გაიგო".

"თუ არ იცი, რა გინდა, რატომ მეკითხები. ისიც არ იცი, არსებობს თუ არა. არ იცი და კითხულობ, შესრულდა თუ არა ეს დაპირება, ეს ნორმალურია?", - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტს.