პრემიერი და მისი გარემოცვა არგუმენტირებულ კრიტიკას უფრთხის, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინ აივანიშვილის რეზიდენციასთან, ტელეკომპანია "ტაბულას" თანამშრომლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ მართავს შეხვედრას მედიასთან, მის ხელმძღვანელებთან და "ტაბულა" აღნიშნულ შეხვედრაზე არ არის. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეს ხელს უშლის ტელეკომპანიას მისი მოვალეობის შესრულებაში.
"ჩვენ ვალდებული ვართ, მას დავუსვათ კითხვები, რაც ჩვენს მაყურებელსა და მკითხველს აინტერესებს. საქმე ის არის, რომ ვერც პრემიერი და ვერც ვერავინ ვერ მოგვედავება პროფესიული ნორმების დარღვევაში, ამას მოწმობს უამრავი კვლევა, რომელიც საქართველოში მედიის ქცევას აკვირდება. რჩება ერთადერთი მიზეზი, რომ პრემიერი და მისი გარემოცვა არგუმენტირებულ კრიტიკას უფრთხის. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ასეთ შეკრებებზე არ გვეძახიან, არის ის, რომ ჩვენ განსხვავებული, მაგრამ ძალიან არგუმენტირებული პოზიცია გვაქვს", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ეხება კოალიცია "ქართულ ოცნებასაც", რადგან ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორის ინფორმაციით, მათ პოლიტიკურ თოქშოუში მონაწილეობაზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები უარს ამბობენ.
ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ გადაწყვიტა, რომ ტელეკომპანია "ტაბულას" არხზე უსასყიდლოდ გააკეთოს პოლიტიკური თოქშოუ, რომელიც კვირაში ერთხელ გავა ეთერში და მას "ამაოების ბაზარი" ერქმევა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრემიერ-მინისტრი სამომავლოდ პრესისა და სააგენტოების წარმომადგენელბთან შეხვედრას კიდევ გეგმავს, თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა, რომ იგი მკითხავი არ არის და ვერ იწინასწარმეტყველებს, "ნონა ყანდიაშვილის თავში რა მოიხარშება".