პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს "ფოსტალიონებივით" არ მოიქცნენ და მიღებული ინფორმაციის გავრცელებამდე ის გადაამოწმონ.
"თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ხართ ჟურნალისტები და მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გაანალიზოთ და თუ ეს ასე არაა, ერთი ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. თუ ერთი ერთზე აწვდით, ეს უკვე ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მის ბიზნესცენტრში მიმდინარე შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იმით დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჩავიდნენ დიცსა და დვანში მინისტრები მავთულხლართების გამბის პირველივე დღეებში. პრემიერის მტკიცებით, მთავრობის წევრები საოკუპაციო ზონაში "უფრო ადრე ჩავიდნენ და ეს გუშინ და გუშინწინ არ მომხდარა".
ამასთან, ივანიშვილის განმარტებით, ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა საქართველოს ხელისუფლებას ბევრის გაკეთების საშუალება აღარ გვაქვს.
"დღეს გინდათ ახალმა ხელისუფლებამ იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა, მაგრამ რომ არა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პროვოკაცია, 2008 წელს ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა და ეს ყველამ კარგად იცის. ახლა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გვიკრძალავენ, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ, რომ ამით ჩვენს ქვეყანას დავაზიანებთ - ჩვენს ქვეყანას დავაზიანებთ იმით, რომ ეიფორიაში ვიცხოვროთ დღემდე. დღეს რომ გინდათ პასუხი მოგვთხოვოთ იმაზე, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა, ამის გამოსწორება ასე მარტივად შეუძლებელია. მე საქართველოს არ ვადანაშაულებ ღმერთმა დამიფაროს, აი, ხელისუფლებას კი ვადანაშუალებ, თუმცა ეს არ ამსუბუქებს რუსეთის როლს – მან გამოიჩინა უდიდესი აგრესია - ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ტერიტორიის.
სააკაშვილი მე მითვლის მოკითხვებს, "მოდი დავჯდეთ ერთად და გასწავლი როგორ მოვიქცეო", მაგრამ მას რომ ჩემთვის მაშინ მოესმინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა - ოსეთთან დაკავშირებით ორი წლით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი და მაშინ მე შევაჩერე. ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა ბევრის გაკეთების საშუალება აღარ გვაქვს. მანევრი მაშინ გაცილებით ბევრი იყო. რა შეიძლება რომ გავაკეთოთ უფრო მეტი? – აბა მითხარით", - მიმართა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.