დიცსა და დვანში ჩემი ჩასვლა არაფერს არ გააფუჭებდა, თუ დამატებით პოზიტივს არ მოიტანდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ცუდი არ იქნება იქ ჩასვლა, მაგრამ მთავრობას ბევრი საქმე აქვს.
"ცუდი არ იქნებოდა, ეს არ იქნებოდა ზედმეტი. არაფერს არ გააფუჭებდა, თუ დამატებით პოზიტივს არ მოიტანდა. გაჭირვებულები ჩვენდა საუბედუროდ არ არიან მხოლოდ დიცში. გაჭირვებულები არიან ყველა კუთხე-კუნჭულში. ცუდი არ იქნებოდა იქ ჩასვლა, მაგრამ თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ და ერთ რამეს ვერ აფასებთ – რამდენი საქმე გვაქვს. რამდენ ადამიანს სჭირდება დამშვიდება და დაწყნარება თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. ათასობით არიან ასეთი ადამიანები", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იქ ჩასვლა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ეს პრინციპულად ვერაფერს შეცვლიდა.
"მინისტრებიც გუშინ ჩავიდნენო ამბობთ, მაგრამ ჟურნალისტები ხართ და უნდა იცოდეთ, რომ უფრო ადრე იყვნენ ჩასულები. ის, რომ პრემიერმა მოახერხოს, რომ ყოველთვის ყველგან მივიდეს და ყველას დაწყნარება შეძლოს, რთულია. ცუდი არ იქნებოდა, კარგი იქნებოდა ჩემი ჩასვლა არა მანდ, არამედ იქ, სადაც ხალხს უჭირს. ეს რომ ვაკეთო მხოლოდ გზაში ვიქნებოდი მთელი დროის განმავლობაში, იმდენი გაჭირვებული გვყავს. მე ათასად ვერ გავიჭრები", - აღნიშნა ივანიშვილმა.