ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას განიცდის

ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას განიცდის

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ დაპირებები "გადაჭარბებით შეასრულა".
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, მის მთავრობას "სერიოზული შეცდომა არ დაუშვია".

"მოვედი, რომ მოგახსენოთ რამდენად ეფექტურად იმუშავა ახალმა ხელისუფლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩემი შეფასებით, ახალი ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ეფექტური, სერიოზული შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. რაც შეეხება დაპირებებს, ისინი გადაჭარბებით შევასრულეთ და მეც არ ველოდი, თუ ასეთი ეფექტურები ვიქნებოდით და ამდენს მოვახერხებდით ამ მოკლე დროში", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მედიას, პრემიერის აზრით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიისთვის ძირეული გარდატეხა მოხდა.

"მეორეა თქვენი შეფასებები – მედიის მნიშვნელობას არ ვაკნინებ და თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ და დიდი ფუნქცია გაქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თქვენ გქონოდათ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედიის თავისუფლების კუთხითაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ძირეული გარდატეხა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან განიცდის რაიმე ზეწოლას", - დასძინა პრემიერმა.