ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ მონიტორინგის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს პოლიტიკური ვითარება. ევროსაბჭო შეშფოთებულია ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დაკავების გამო. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე წარიმართოს ეს პროცესები.
ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, რეზოლუციაში, "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით, ასევე ჩაიწერა საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების შესახებაც. ევროსაბჭო კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მან ამ რეზოლუციას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მასში საუბარია იმ მთავარ უკან დახევაზე დემოკრატიის კუთხით, რაც ამჟამად საქართველოში ხდება.

"კონკრეტულად კი დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებზე, რაც გამოიხატება ინდივიდუალურად მოსამართლეებზე ანგარიშსწორებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დაშანტაჯებით ქართული საიდუმლო სამსახურების მიერ. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ციხეშია, თუმცა ჯერ არ აქვს მისჯილი. არავის აუხსნია, რა საჭიროა ამ ადამიანის დაკავება არჩევნების წინა პერიოდში",-განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატმა თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებენ და არა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. "ამიტომ, ამ შესწორების მხარდაჭერა არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, მე ამ შესწორების წინააღმდეგი ვარ. ის უკვე იძლევა დასკვნას იმის შესახებ, რაც ჯერ არ მომხდარა. სასამართლო პროცესები ჯერ წინ არის და ამ ნაწილის შეტანა ასამბლეის დოკუმენტში იქნება წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, სანამ სასამართლოები დასრულდება. ასე რომ, მე მოგიწოდებთ არ დაუჭიროთ მხარი ისეთ რამეს, რაც წარმოდგენილი იყო როგორც ფაქტი, თუმცა რეალურად ასე არ არის, რადგან არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება რეალურად",-აღნიშნა ხიდაშელმა.