ზურაბ აბაშიძე გოკა გაბაშვილს ინფორმაციების გადამოწმებას ან მასთან დაკავშირებას ურჩევს

ზურაბ აბაშიძე გოკა გაბაშვილს ინფორმაციების გადამოწმებას ან მასთან დაკავშირებას ურჩევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს პარლამენტარ გოკა გაბაშვილს ურჩევს, ვიდრე "იაფფასიანი დემაგოგიასა" და "ჭკუის სწავლებას მიჰყოფს ხელს", ინფორმაციები გადაამოწმოს ან მას დაუკავშირდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, 27 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ვრცლად ისაუბრა ქართულ-რუსული დიალოგის მსვლელობაზე, დეტალურად უპასუხა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას, თუ რა ვითარებაში იმყოფებოდა ივლისში კვიპროსში, რუსი მაღალჩინოსნის აგარაკზე.

აბაშიძის განმარტებით, დეტალურად მოახსენა დეპუტატს, რომ კვიპროსში რამდენიმე დღით იმყოფებოდა მეგობრის, დავით იოსელიანის მოწვევით, მისსავე სახლში და დაადასტურა, რომ ჰქონდა შეხვედრა ცნობილ რუს პოლიტიკოსთან, რომელსაც დიდი ხანია, იცნობს და რომელიც, ამავე პერიოდში ისვენებდა კვიპროსზე.

"ინტერესი ამ "კონსპირაციული" შეხვედრის მიმართ ამოწურული მეგონა. თუმცა, პარლამენტის კიდევ ერთ დეპუტატს გასჩენია გონივრული ეჭვი ჩემს კონტაქტებთან დაკავშირებით. მას დასკვნებიც გამოუტანია, რუსების აგარაკზე მზაკვრული ბააასი ნამდვილად არ ღირსო. ვურჩევ პატივცემულ დეპუტატს, რათა მომავალში, ვიდრე იაფფასიან დემაგოგიასა და ჩემს ჭკუის სწავლებას მოჰყობს ხელს, გადაამოწმოს ინფორმაციები. ჩემთან დაკავშირება არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მათ შორის - ჩემი მეგობრების შვილებისთვის"- აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.
გუშინ პარლამენტში, კვიპროსზე ევგენი პრიმაკოვთან შეხვედრის გამო კრიტიკული შეფასებები ზურაბ აბაშიძის მისამართით პარლამენტრმა გოკა გაბაშვილმა გამოთქვა.