რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ტერიტორიების მოქცევასაც აპირებს

რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ტერიტორიების მოქცევასაც აპირებს

რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ტერიტორიების მოქცევასაც აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"მავთულხლართების გადმოწევა, რომელიც არის რუსული გეგმა, კიდევ მოიცავს რამდენიმე ასეულ და შეიძლება ათასობით ჰექტარს. უკვე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწაა წაღებული, ვიდრე იყო თამარაშენსა და ქურთაში ჩვენს კონტროლს ქვეშ და ასევე მათ აქვთ გეგმა, მავთულხლართებში მოაქციონ სტრატეგიული ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. ბოლო ინფორმაციით, სამწუხაროდ, ამ გეგმებშივეა განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ადგილების მოქცევა, რომელიც არის ენგურს იქით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე აზრით, ახლა ქიშპობის დრო არ არის და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. "ჩვენ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები. ახლა ქიშპობის, ღვარძლისა და ნიშნის მოგების დრო არ არის. საქართველოს ამოცანაა, რომ ჩვენი მიწების ეს მცოცავი, ძალიან საშიში ანექსია, რომელმაც უამრავი ადამიანი დატოვა ხელახლა უსახლკაროდ, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად შევაჩეროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.