არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაშიც კი ინტერესდებიან, თუ როგორ მოხდეს იუსტიციის სახლის პროექტის ექსპორტი

არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაშიც კი ინტერესდებიან, თუ როგორ მოხდეს იუსტიციის სახლის პროექტის ექსპორტი

იუსტიციის სახლის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის იუსტიციის სახლში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სამინისტრო იუსტიციის სახლის პროექტის განვითარებას აპირებს. მისივე თქმით, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკაშიც კი ინტერესდებიან, თუ როგორ მოხდეს აღნიშნული პროექტის ექსპორტი.

"იუსტიციის სახლი გადასახადის გადამხდელებს, ჩვენს მოქალაქეებს, აგრეთვე ბიზნესმენების ჯიბეს დაუჯდა 165 მილიონი. იუსტიციის სახლი აშენდა წელიწადნახევარში და როდესაც მე მმართველობაში გადმომეცა, ძალიან ბევრი კარგი სიურპრიზის და ამავე დროს პრობლემის წინაშე დავდექით. დღეს პრობლემების უმრავლესობა ჩვენს მიერ უკვე გადაჭრილია. რაც შეეხება კარგ სიურპრიზებს, ანუ იმ სერვისებს, რომლებსაც იუსტიციის სახლი გასცემს მოქალაქეებზე, ეს სერვისები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სერვისი გაიცეს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა. მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლში ერთ სივრცეში თავმოყრილი სამასზე მეტი სერვისით 3 715 775-მა მომხმარებელმა ისარგებლა, აქედან 1 973 138-მა მომხმარებელმა თბილისის იუსტიციის სახლში, დანარჩენმა 1 742 637-მა კი იუსტიციის სახლის რეგიონულ ფილიალებში. მისივე ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებს 23 000-ზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს.

ნინო ჩიჩუამ იუსტიციის სახლის სახელმწიფო პროექტებში ჩართულობის შესახებაც ისაუბრა და დევნილთათვის პირადობის ახალი მოწმობის უფასოდ გაცემასა და საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, 2013 წლის ბოლოდან თბილისის იუსტიციის სახლში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო სერვისები "ჯუსტ დრივე"-ს მეშვეობით მიიღოს. აღნიშნული სერვისის საშუალებით მომხმარებელი პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა დოკუმენტების ასაღებად განაცხადის გაკეთებასა და მზა დოკუმენტების გატანას ავტომობილიდან გადაუსვლელად იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ჯუსტ დრივე"-ის ფანჯარასთან შეძლებს. ნინო ჩიჩუას განცხადებით, 2014 წელს 12 იუსტიციის სახლს კიდევ ერთი ფილიალი შეემატება ქალაქ ზუგდიდში.

იუსტიციის სახლს იუბილე მიულოცა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ. საიუბილეო ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვლი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი.