ირაკლი სესიაშვილი:

ირაკლი სესიაშვილი: "ჯიჰადის" საქმის გახსნით შსს-ის შესაბამისმა ჯგუფმა საუკეთესო უნარ-ჩვევები გამოავლინა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეომასალების საქმესთან დაკავშირებით დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ შსს-ის შესაბამისმა ჯგუფმა აღნიშნული დანაშაულის გახსნით საუკეთესო უნარ-ჩვევები გამოავლინა. 

"ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ითქვა, რომ საქმის დეტალები რამდენიმე დღეში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მას დაველოდოთ, რადგან აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის პრეროგატივა სწორედ შს სამინისტროს აქვს. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ აღნიშნული საქმის გახსნით გამოძიების პროცესში ჩართულმა შსს-ის შესაბამისმა ჯგუფმა გამოავლინა საუკეთესო უნარ-ჩვევები, ურთულეს საქმეს გაართვა თავი და კარგი შედეგი აჩვენა", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

მისივე განმარტებით, აღნიშნული საქმის გახსნა კარგი სიგნალი იქნება იმ ადამიანისა და ჯგუფების მიმართ, რომლებსაც მსგავსი ტიპის ქმედების ჩადენის სურვილი კიდევ ექნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეომასალების საქმე ერთი თვის წინ გაიხსნა და დანაშაულში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში დეტალურად ხუთშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.