ირაკლი ალასანია შს სამინისტროს ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის გამოძიებას ულოცავს

ირაკლი ალასანია შს სამინისტროს ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის გამოძიებას ულოცავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შს სამინისტროს ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის გამოძიებას ულოცავს. 

როგორც ირაკლი ალასანიამ იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ამასთან დაკავშირებით გამოძიება საზოგადოებას კითხვებზე პასუხებს აცნობებს.

"ყველას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ დანაშაული გამოძიებულია. ვულოცავ შსს-ს. რა თქმა უნდა ყველას იმედი გვქონდა, რომ მართლაც გაირკვეოდა ობიექტური ჭეშმარიტება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე ნათელი მოეფინება იმ შეკითხვებს, რომლებიც გვქონდა, არის თუ არა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი, არის თუ არა ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული, იყო თუ არა ეს კამპანია, რომელიც იმ ტრაგიკულ დღეებში აგორდა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოძიება საზოგადოებას პასუხებს აცნობებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა, ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საკითხი მისმა უწყებამ გამოიძიოს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ვიდეორგოლების გამოძიების კუთხით არანაირი სიახლე არ არსებობს. ალასანიას განმარტებით, თუ პროგრესი არ იქნება გამოძიებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, თავდაცვის სამინისტრო როგორც საერთაშორისო, ისე საკუთარ რესურსებს გამოიყენებს.