"7 თვეში გადასახადების მობილიზების ოდენობამ 32 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასულ წლებში ეს მაჩვენებელი ბევრად ცოტა იყო"

ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მალხაზ ვახტანგიშვილმა პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დებატებისას განაცხადა. 

ვახტანგაშვილმა იმ ძირითად მიზნებსა და პრინციპებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების მხრივ გაკეთდა.

"დანაზოგების დარეგულირების ინდექსის მიხედვით საქართველო 139 ქვეყანას შორის 110-ე ადგილზეა. საბაზისო განათლების მიხედვით კი 120 ადგილზე, მაშინ, როცა იყო დრო, ქვეყანა განათლების მხრივ ლიდერებს შორის იმყოფებოდა. 2012 წელს უმაღლესი სასწავლებლების საჭიროებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყო, როდესაც ამ თანხებზე გაცილებით მეტი წინა ხელისუფლების დროს მიმართულ იქნა პენიტენციალური დაწესებულებებისთვის. სწორედ ეს იყო წინა ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი. ავტორიტეტული სოციოლოგიური კომპანიების გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 5% ცხოვრობდა ძალიან კარგად და ისინიც ალბათ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები იყვნენ, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 88% სიღარიბეს ებრძოდა. უმუშევრობა 11,5%-იდან 20%-მდე გაიზარდა და ეს მაშინ, როცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბრობდნენ. სინამდვილეში არავითარ ეკონომიკურ სასწაულს ადგილი არ ჰქონია. მათ ეკონომიკის განვითარების გეგმაც კი არ ჰქონდათ შემუშავებული. წლების განმავლობაში მსგავსი უწესრიგობა გრძელდებოდა, რომელშიც ჩართული იყო მთელი სახელმწიფო აპარატი და მიმდინარე პროცესებმა ეკონომიკის განვითარებაც ჩაკლა. მე მინდა, ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკა სწორედ აღმავლობის პროცესშია. 2013 წლის პირველ 7 თვეში გადასახადების მობილიზების ოდენობამ 32 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასულ წლებში ეს მაჩვენებელი ბევრად ცოტა იყო", - განაცხადა მალხაზ ვახტანგიშვილმა.