"მსჯავრდებულები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, ბიუჯეტიდან 200-250 ლარის ფარგლებში ანაზღაურებას მიიღებენ"

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს მიღებული იქნა რევოლუციური გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ის პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, ხელფასს ბიუჯეტიდან მიიღებენ.

"საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მომსახურე პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, ანუ ე.წ. "აბსლუგა" სხვა პატიმრების ფულით ფინანსდებოდა. მაგალითად, მაღაზიაში თუ მომსახურე პატიმარი სხვა პატიმარს გაეგზავნებოდა, ამაში იღებდა 60 თეთრს. თუ ეს მომსახურება დაჩქარებული წესით უნდოდა - 2 ლარს. ანუ გამოდის, რომ პატიმარი ე.წ. "აბსლუგის" პატიმრებისთვის არაფორმალურ გადასახადს იხდიდა. დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ეს პატიმრები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. წყარო, როდესაც ერთი პატიმარი სხვა პატიმრებისგან ფულს იღებდა და ეს პრაქტიკულად დაკანონებული იყო, დღეიდან მოისპობა და ეს წესრიგის დამყარების თვალსაზრისით მართლაც რევოლუციაა", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, პატიმრები, რომლებიც სხვა პატიმრებს ემსახურებიან, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასის სახით 200-250 ლარს მიიღებენ. მინისტრის ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 450-500 პატიმარია, რომლებიც სხვა პატიმრებს უწევენ მომსახურებას და მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან დარჩენილ პერიოდში წლის ბოლომდე 350 ათასი ლარი გამოიყოფა, მომავალ წელს კი - მილიონნახევარი.