გიგლა აგულაშვილი:  2013 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში მშპ-ს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა

გიგლა აგულაშვილი: 2013 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში მშპ-ს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა

2013 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში მშპ-ს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე და ამ მიმართულებით გაწეულ საბიუჯეტო ასიგნებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური დებატების ფორმატში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილმა ისაუბრა. 

დეპუტატის თქმით, 6,5-ჯერ გაიზარდა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დაფინანსება; 5,5-ჯერ გაიზარდა სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის განახლებისათვის გამოყოფილი რესურსები.

აგულაშვილის თქმით, ეს ღონისძიებები გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული და მომავალი წლების მაჩვენებლებში მეტი სიცხადით გამოჩნდება.

გარდა ამისა, აგულაშვილი აცხადებს, რომ არსებითად გაიზარდა მევენახეობის, მეღვინეობის, მცენარეთა დაცვის, სურსათის უვნებლობის საბიუჯეტო მხარდაჭერა.

"ეს ცვლილებები არ მოიცავს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის არასაბიუჯეტო რესურსებს, რომელიც 2013 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ხოლო 2012 და წინა წლებში ასეთი რესურსები არ არსებობდა. 2003-2013 წლების პირველ ნახევრებში სოფლის მეურნეობაში ფორმირებული მთლიანი შიდა პროდუქტის მთლიანი მოცულობის შემცირება შეუქცევადი იყო. 2013 წლის პირველ ნახევარში კი საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა, რამაც ტენდენციის უარყოფითი მიმართულება შეცვალა. 2013 წელს სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ-ს მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფიქსირებული ზრდა, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება 2013 წლის წლიურ მაჩვენებელში. ეს ბუნებრივია, ვინაიდან წარმოდგენილი მონაცემები არ მოიცავს სრულ აგრარულ ციკლს და 2013 წელს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისათვის გაღებული ხარჯების შედეგები სრულყოფილად მხოლოდ წლის ბოლოს გამოჩნდება", - აცხადებს აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.