მთელ მსოფლიოში ქონებას შვილებსა და შვილიშვილებს ჩუქნიან, საქართველოში კი სახელმწიფოს ჩუქნიდნენ

მთელ მსოფლიოში ქონებას შვილებსა და შვილიშვილებს ჩუქნიან, საქართველოში კი სახელმწიფოს ჩუქნიდნენ

მთელ მსოფლიოში ქონებას შვილებსა და შვილიშვილებს ჩუქნიან, საქართველოში კი სახელმწიფოს ჩუქნიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე დებატებისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დამკვიდრებული ეს ტრადიცია საქართველოში დასრულდა. 

"2013 წლის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ ეკონომიკის დაღმასვლა შარშან დაიწყო. ეკონომიკის დაღმასვლა იმიტომ იყო დაწყებული, რომ ბიზნესი იყო დატერორებული, წინასწარ იყო გადახდილი თანხები. მთელ მსოფლიოში, მამა და ბაბუა როგორც წესი შვილსა და ოჯახს ჩუქნის საკუთარ ქონებას, მაგრამ საქართველოში საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდნენ. წელს ასეთი ჩუქების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული ეს ტრადიცია დამთავრდა", - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, ის ეკონომიკური წინსვლა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" წინა წლებში საუბრობდა, მსოფლიო ბანკის ანგარიშით, მხოლოდ მოსახლეობის 20-25 პროცენტზე იყო გათვლილი.
"ჩვენ იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, რომელიც უსამართლობითა და სისასტიკით იყო გაჟღენთილი, რომ მართლაც რთული აღმოჩნდა გამკლავება. ჩვენ შეგვრჩა ეკონომიკა ვითომ მაღალი პარამეტრებით, მაგრამ სინამდვილეში იყო გამოშიგნული, რაც მოიცავდა ჩვენი მოსახლეობის უკიდურეს გაღატაკებას. წინა ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობდა ეკონომიკურ ზრდაზე, გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე, უცხოურ ინვესტიცებზე, სინამდვილეში კი რეალობა სხვა იყო", - აღნიშნა დეპუტატმა.