ალასანია დარწმუნებულია, რომ ოკუპაციის ხაზზე არსებულ გამოწვევას ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაუმკლავდება

ალასანია დარწმუნებულია, რომ ოკუპაციის ხაზზე არსებულ გამოწვევას ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაუმკლავდება

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებაში ყოფნის ერთწლიანი პერიოდის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიამ მთელ საქართველოს მიულოცა გასული წლის 1 ოქტომბერი და განაცხადა, რომ ეს გათავისუფლების დღე იყო.

"ეს მთელი საზოგადოების მონაპოვარია. ჩვენი ყველაზე ფუნდამენტალური მიღწევა, რაც შეიძლება აღინიშნოს, არის ის, რომ მოქალაქე გათავისუფლდა ზეწოლისგან, გათავისუფლდა რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისგან, მედია თავისუფალია, ბიზნესში კონკურენტული გარემო იქმნება. თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გუშინ ერთწლიან ანგარიშში შევაფასე, ეს შეიძლება, დამაკმაყოფილებლად და კარგად ჩაითვალოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი არჩევნები - საპრეზიდენტო და ადგილობრივი, იქნება კიდევ უფრო მეტად წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი მთავარ გამოწვევად საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხებს მიიჩნევს.

"მთავარი გამოწვევაა ის, რაც ხდება ოკუპაციის ზოლში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება, ამ გამოწვევას გავუმკლავდებით", - განაცხადა ალასანიამ.