"თანაინვესტირების ფონდის სრულად ინვესტირების შედეგად შეიძლება, შეიქმნას ფონდი ნომერი ორი, რომელსაც უკვე თავის ამოცანები ექნება"

ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თანაინვესტირების ფონდის ზოგად მიზანზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. 

"ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ თანხები მიმზიდველ საინვესტიციო პროექტებში განვათავსოთ. ფონდი არის კონცენტრირებული თანაინვესტირებაზე, რაც იმას ნიშნავს. რომ ჩვენ თანხებს განვათავსებთ თანაინვესტორებთან ერთად სხვადასხვა პროექტებში. ამ ეტაპზე ფონდს გააჩნია 6 მილიარდი დოლარი, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა არის 1 მილიარდი დოლარი. ამ ეტაპზე ამ თანხის და მონაწილეობის გაზრდა არ იგეგმება, რადგან გათვლებით ფონდში საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროექტები განახორციელოს. ამ ფონდის სრულად ინვესტირების შედეგად შეიძლება, შეიქმნას ფონდი ნომერი ორი, რომელსაც უკვე თავის ამოცანები ექნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ამასთან, მან ანაკლიის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანაინვესტირების ფონდის ამ პროექტში მონაწილეობა ინვესტირებად განიხილება.

"ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობს ჩვენი ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ამ პროექტში მონაწილეობა შეიძლება, განიხილოს თანაინვესტირებად. ამჟამად ამ პროექტის განმახორციელებელი საპარტნიორო ფონდია", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.