რუსულმა მხარემ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა

რუსულმა მხარემ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებზე რუსულმა მხარემ საქართველოს ოკუპაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რუსეთს საქართველოს ოკუპაციაზე და მეზობლებზე ზეწოლაზე დაუსვეს კითხვა.

რუსეთის წარმომადგენელს, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა პედრო აგრამუნტიმ იმ ზეწოლაზე დაუსვა კითხვა, რომელსაც ეს ქვეყანა ვილნიუსის სამიტის წინ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე ახორციელებს.

რუსეთის დუმის სპიკერს სერგეი ნარიშკინს საქართველო არ უხსენებია, თუმცა უარყო, რომ მეზობელ ქვეყნებზე რუსეთი ზეწოლას ახდენს.
"უბრალოდ, ვერავინ წაგვართმევს უფლებას გავუზიაროთ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ უკრაინამ და დსთ-ის სხვა ქვეყნებმა საბაჟო კავშირისგან და რა შედეგი შეიძლება გამოწვიოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ", - განაცხადა ნარიშკინმა.

ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, მათ არ მიეცათ საშუალება კითხვები დაესვათ რუსეთის წარმომადგენლისთვის.

როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ნარიშკინს გამოსვლაში საქართველო არ უხსენებია.

"მე მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული მხარე არ ცდილობს თავიდანვე დაიკავოს პოზიცია, რომლითაც იტყვის, რომ ყველა დანარჩენი არასწორია და თვითონ არის მართალი. როდესაც მას კითხვა დაუსვეს ოკუპაციის შესახებ, მან თავი აარიდა და პასუხიც არ გასცა. მე მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც მან თავის დაცვა და რუსული არგუმენტების გამართლებაც კი არ სცადა", -განაცხადა ხიდაშელმა.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, მხოლოდ ერთი კითხვა მოესწრო, სადაც საქართველოს ოკუპაციის თემა იყო ნახსენები. "ამ კითხვას ნარიშკინმა პასუხი არ გასცა. როგორც ჩანს, მას არ ჰქონდა ამ კითხვაზე მკაფიო პოზიცია, ან პასუხი მზად. მომეჩვენა, რომ ამ პასუხს მან შეგნებულად აარიდა თავი", - განაცხადა ბესელიამ.