პავლე კუბლაშვილი:  საქართველოში ეკონომიკა გაჩერებულია

პავლე კუბლაშვილი: საქართველოში ეკონომიკა გაჩერებულია

საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში ეკონომიკა გაჩერებულია. როგორც პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის გაჩერების მიზეზები, ის გადაწყვეტილებებია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ და მთავრობამ მიიღო. 

"რით დაიწყო ამ საპარლამენტო უმრავლესობამ და ფინანსთა მინისტრმა საქმიანობა - პირველი, მათ უარი თქვეს გადასახადების შემცირებაზე, მათ გააუქმეს ის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე იყო საგადასახადო კოდექსში და რომელიც ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის დაწევას ჯერ 18%, შემდეგ კი 15%-მდე. ეს არის რამაც შეიტანა პირველი გაურკვევლობა ინვესტორებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ადგას დღევანდელი მთავრობა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ის მექანიზმი, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას შესთავაზა - დაუბეგრავობის მექანიზმი, აბსოლუტურად გაურკვეველი დარჩა.

"საზოგადოებაში ვინ იგრძო საკუთარ თავზე ის შეღავათი, რომელიც თქვენ მიიღეთ? კიდევ უფრო უარესი გველოდება გაისად. როდესაც ამ ვალების გასტუმრებას თქვენ დაიწყებთ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. არასწორი გადაწყვეტილება იყო რომ გაიზარდა გადასახადები სიგარეტზე და მოსაკრებელი მინერალურ წყალზე, ეს გააურესებს ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ის რითაც მიმზიდველი იყო ჩვენი ქვეყანა, თქვენ ერთი წლის განმავლობაში გაანულეთ", - აცხადებს დეპუტატი.

პავლე კუბლაშვილის თქმით, ის გადაწყვეტილება რაც მიღებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით გაუგებრობა იყო.

"ახლა როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი დაიწყებს იგივე ტონალობაში საუბარს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიგვეღო. ინვესტორებს უჩნდებათ განცდა, რომ არავის არ აქვს ის ხედვა რა გზით მიდის ქვეყანა. მონოპოლიების საკითხი თქვენი მხრიდან ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ თავდასხმის ობიექტი იყო. მაგალითად 2013 წლის 25 იანვარს, ფინანსთა მინისტრმა მიიღო ბრძანება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" გახდა მონოპოლისტი გადამზიდველებთან მიმართებაში. გადაზიდვების სფეროში ყველა მცირე ბიზნესი გაჩერდა. ამაზე დავაც მიმდინარეობდა და ფინანსთა სამინისტრომ წააგო კიდეც, მაგრამ ეს არ ცვლის გადაწყვეტილებას, ეს არის რეალური მონოპოლია. წლების განმავლობაში თქვენგან იყო საუბარი, რომ როგორ შეიძლება ახალ პორტზე საუბარი, ანაკლიაზე საუბარი, ჯერ განვავითაროთ ფოთის პორტი, ბათუმის პორტი. ახლა როდესაც თქვენმა პრემიერმა თქვა, რომ ანაკლიის პორტი სწორი გზავნილი ყოფილა, ახლა თქვენც დაიწყებთ ამ პროექტის ქებას", - აღნიშნა კუბლაშვილი.