გიორგი ტუღუში:  თუ ციხეებში წამება სისტემური დანაშაული იყო, ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა

გიორგი ტუღუში: თუ ციხეებში წამება სისტემური დანაშაული იყო, ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა

თუ წამება ციხეებში სისტემური დანაშაული იყო, ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა, იმ კვლევის პროექტის პრეზენტაციისას, რომელსაც არასამთავრობოები წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, წამების მოტივების შესწავლის მიზნით გეგმავენ.

ტუღუშის ინფორმაციით, გავრცელებული კადრების შემდეგ, წამების მუხლით, ამ დრომდე მხოლოდ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, ხოლო დანარჩენი პირები ღირსებისშემლახველი მოპყრობის მუხლით არიან დადანაშაულებული.

"შესაბამისად, მათ შეუმსუბუქდათ სასჯელი და ერთ პირს - ლადო ბედუკაძეს საერთოდ მოეხსნა პასუხისმგებლობა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. ეს არ არის ჯეროვანი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან და სჯობს ყველაფერს საკუთარი სახელი ერქვას. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებას უნდა ჩაეტარებინა ჯეროვანი გამოძიება. სამწუხაროდ, მივიღეთ სურათი, როდესაც 20-მდე პირიდან, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილმა ხელისუფლებამ დააკავა, ნაწილი თავისუფალია, ნაწილს შეუმსუბუქდა სასჯელი.

შემდეგ, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე არ იყო კავშირში იმ სკანდალთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის სექტემბერში, თუმცა დაკავშირებული იყო გარკვეულ კონკრეტულ დანაშაულებებთან, მაგალითად სერგო თეთრაძის საქმესთან. დღესაც არის მიმდინარე გამოძიება დასავლეთ საქართველოში და ქვემო ქართლის პროკურატურის მიერ, თუმცა რამდენიმე პირზეა საუბარი.

ამასთან, ტუღუშის თქმით, წამების მოტივების დადგენის მიზნით დაგეგმილმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ზოგადად წამების დანაშაული აღმოიფხვრას საქართველოში, რაც, მისი თქმით, არა მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში, არამედ პოლიციის კუთხითაც მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რაც სახელმწიფოში დიდწილად არასამთავრობო სექტორის მიერ კეთდება, თუმცა აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ამ კუთხით ჰქონდეს როგორც სტრატეგია, ასევე პირადი საკუთარი რესურსები, რათა ამ თემას ჯეროვნად მიხედოს", - განაცხადა ტუღუშმა.

ყოფილი მინისტრი ასევე აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში გამოწვევები დარჩება, თუმცა ამისათვის სისტემის მეტი გამჭვირვალობაა საჭირო.

გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ეფექტურ მონიტორინგთან ერთად, არასამთავრობო სექტორს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ციხეებში თავისუფლად გადაადგილდეს და ჩაატაროს ჯეროვანი მონიტორინგი.

"ამასთან, ხელს შევუწყობდი იმასაც, რომ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პენიტენციალური სისტემით და ასეთი ბევრი არ არის, ჰქონდეთ საშუალება გარკვეული პერიოდულობით შევიდნენ და საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება, თუმცა ეს არ უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული ქმედებები და რომელიმე ტელეარხის შეყვანა იმისთვის, რომ პიარკამპანია აწარმოო, არამედ ამას უნდა ჰქოდეს მონიტორინგის დატვირთვა და არა საკუთარი თავის პოპულარიზაციის, თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ესეც შეიძლება აკეთოს", - განაცხადა ტუღუშმა.