ზურაბ ტყემალაძე:  რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა

ზურაბ ტყემალაძე: რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35,3%-ით გაიზარდა

რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,3%-ით გაიზარდა და 426 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა , - ამის შესახებ სტატისტიკა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა. 

როგორც ტყემალაძემ პარლამენტში მიმდინარე დებატებისას აღნიშნა, რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას.

"ექსპორტი გაიზარდა 199%-ით და 84 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი გაიზარდა 19%-ით და 342 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. იმპორტის მაჩვენებელში კლებაა.

საქართველო-რუსეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილობრივი აღდგენის შემდეგ, 2013 წლის მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გავიდა 15 მილიონი დოლარის ღვინო და 13 მილიონი დოლარის მინერალური წყალი. რუსეთის ფედერაციაში ამ პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 383 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა", - აღნიშნა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2,2 %-ით შემცირდა და მილიარდ 769 მილიონი დოლარი შეადგინა, ექსპორტი 34%-ით გაიზარდა.

"დსთ-ის წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 8,7%-ით გაიზარდა, ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 979 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი ერთი პროცენტით შემცირდა და მილიარდ 267 მილიონით განისაზღვრა", - განაცხადა ტყემალაძემ.

სუამის წევრ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2,8 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 344 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი 12,5%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა 3,5%-ით, რაც დადებით ტენდენციაა.